ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს იმ ისრაელელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინული მოპარული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობაში ეხმარებოდნენ – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Haaretz ავრცელებს. როგორც მათ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ანუარ ელ ანუნიმ განუცხადა, ევროკავშირმა „ცნობად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემს, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, მიუხედავად ამ საკითხზე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მანამდე არსებული მიმართვებისა, ისრაელის ხაიფას პორტში ტვირთის დაცლის უფლება მისცეს”.
„მზად ვართ, აღვკვეთოთ მსგავსი ქმედებები მესამე ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების [სანქციების] სიაში შეყვანით, თუკი ეს აუცილებელი იქნება“ – განაცხადა ანუნიმ და დასძინა, რომ ევროკავშირმა ამ საკითხთან დაკავშირებით ისრაელის ხელისუფლებისგან დამატებითი ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
მედიის ინფორმაციით, გემი Panormitis, რომელიც 6 ათას ტონაზე მეტი ხორბლითა და 19 ათასი ტონა ქერით იყო დატვირთული, ისრაელში 26 აპრილს ჩავიდა. ასევე, ისრაელის მედია წერს, რომ 2026 წლის განმავლობაში ისრაელში უკრაინული მოპარული მარცვლეულის უკვე ოთხი პარტია დაიცალა. კერძოდ, ხაიფაში მიიღეს გემი ABINSK მოპარული ხორბლით. ცნობილია, რომ ეს ხომალდიც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის.

