ყველას შევახსენებ, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების დონე არაჩვეულებრივია, ირანზე ზეწოლა არაჩვეულებრივია და ვფიქრობ, რომ მეტის გამოყენება შეიძლება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ მთელს მსოფლიოს თვალი აეხილა იმ საფრთხეზე, რასაც ირანი წარმოადგენს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას : თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, რა მოხდება შემდეგ?
„მათ სურთ მსოფლიოსთან ბირთვული იარაღით იგივე გააკეთონ, რასაც ახლა ნავთობით აკეთებენ. მათ სურთ მსოფლიოს მძევლად აყვანა, რათა რაც სურთ, ის გააკეთონ. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და თქვას, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას, გლობალურ სტაბილურობას.
„ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სპარსეთის ყურის სამეფოებს, არა მხოლოდ ისრაელს, არამედ მთელს მსოფლიოსთვის და ეს ყოვლისმომცველად უნდა განიხილონ. იმედი მაქვს, რომ დანარჩენი მსოფლიო შემოგვიერთდება დამანგრეველ სანქციებსა და სხვა ქმედებებში, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ამ რეჟიმზე, რათა წავიდეს დათმობებზე, რისი გაკეთებაც მას არ სურს“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი მტკიცებით, აშშ-ის ირანელი ხალხის დაზიანება არ სურს.
„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ირანელ ხალხთან. არ ვმტრობთ მათ. ვწუხვართ ირანელი ხალხის გამო, რომლებიც ასევე ამ რეჟიმის მსხვერპლნი არიან“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, ირანის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას სამრეწველო შესაძლებლობებით, გზებისა და ხიდების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებით ცდილობს.
„თუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას იყენებს რეჟიმი საკუთარი თავის შესანარჩუნებლად, ის იყენებს თავის სამრეწველო შესაძლებლობებს, ენერგიის გენერირების უნარს და გზებისა და ხიდების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას. ამიტომ, ჩვენი სამიზნეები ყოველთვის იქნება ის, რაც პირდაპირ უჭერს მხარს რეჟიმს. ჩვენ ყოველთვის სწორედ ამაზე ვიყავით ორიენტირებული და სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულები. ჩვენ არ ვურტყამთ საავადმყოფოებს ან რამე მსგავსს, არ ვურტყამთ ბაგა-ბაღებსა და დღის ცენტრებს. ეს ჩვენი მიზანი არ არის. ეს არასდროს არის ის, რასაც მიზანში ვიღებთ. ჩვენი სამიზნეა ის, რაც ხელს უწყობს რეჟიმის უნარს, გაავრცელოს ტერორიზმი და დაიცვას თავისი ბირთვული პროგრამა“, – აღნიშნა რუბიომ.

