აშშ-მა არაბეთის ზღვაში შეაჩერა ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი, რომელიც დაკავშირებულია უცხოურ ბაზრებზე მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ენერგორესურსების, ნავთობისა და გაზის პროდუქციის, მათ შორის პროპანისა და ბუტანის ტრანსპორტირებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გემი „ჩრდილოვანი ფლოტის“ იმ 19 ხომალდს შორისაა, რომლებიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების ქვეშ მოექცნენ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხომალდი „აშშ-ის სამხედროების მითითებებს ემორჩილება და ესკორტის თანხლებით ირანისკენ ბრუნდება“.
„აშშ-ის ძალები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას და სრულად ახორციელებენ ბლოკადას ირანის პორტებში შემსვლელი ან იქიდან გამომსვლელი გემების მიმართ. ბლოკადის დაწყების შემდეგ 37 გემი გადამისამართდა“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

