ევროკავშირის ურთიერთდახმარების პუნქტი ნატო-ს არ ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
ევროკავშირის ხელშეკრულებების 42.7 მუხლი „შეიარაღებული აგრესიის“ ქვეშ მყოფ წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, მოითხოვოს დახმარება სხვა წევრი სახელმწიფოებისგან, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა სამხედრო, ეკონომიკური, დიპლომატიური და სამედიცინო დახმარება. ნატო-ს მე-5 მუხლი სხვაგვარადაა ფორმულირებული. მასში ნათქვამია, რომ ერთი მოკავშირის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა „ყველა მოკავშირის წინააღმდეგ თავდასხმად ჩაითვლება“ და ცალსახად ახსენებს სამხედრო ძალას, როგორც შესაძლო რეაგირებას „ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნებისთვის“.
„მე არ შევეწინააღმდეგებოდი ამ ორს (მუხლს), რადგან ისინი ყოველთვის თანაარსებობდნენ. ნატო-ში არსებობს ძალიან ძლიერი ევროპული საყრდენი, რომელიც არსებობს და ახლა რეალურად უფრო ძლიერია, რადგან ჩვენ ყველანი უფრო მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ ჩვენს თავდაცვაში… ამ გეოპოლიტიკურ სამყაროში ჩვენ უნდა ვიყოთ სანდოები — ამისთვის კი უნდა ვიყოთ ერთიანები და შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა კალასმა.

