ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შემდეგაც გრძელდება.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, მათ სამხრეთ ლიბანის ქალაქებში, იატერსა და კაფრაში „ჰეზბოლას“ რაკეტმტყორცნები დაბომბეს, რაც „საფრთხეს წარმოადგენდა ჯარისკაცებისა და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის“.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის ჯავშანტრანსპორტიორი დაბომბეს. ლიბანური დაჯგუფების თქმით, თავდასხმა „პასუხი“ იყო ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში სახლების დანგრევაზე, რასაც „ჰეზბოლამ“ „ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზავის გახანგრძლივების შესახებ 23 აპრილს გამოაცხადა. მას შემდეგ ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ლიბანში „ნებისმიერ საფრთხეზე“ დარტყმას. „ჰეზბოლას“ განცხადებით, შეთანხმებას „არანაირი აზრი არ აქვს“, რადგან ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე თავდასხმებს აგრძელებს.

