აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული დამოუკიდებლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, ეს არ ნიშნავს, რომ ნატო-ს ვტოვებთ, თუმცა ალიანსში გაცილებით ძლიერი ევროპული საყრდენი გვსურს” – ჰერმან ვან რომპეი

ჩვენ არ ვისწრაფვით ევროპული არმიისა და ერთიანი სამეთაურო სტრუქტურის შექმნისკენ. თუმცა, ვცდილობთ ბევრად უფრო ფართო თანამშრომლობასა და ინტეგრაციას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვა კვლავ ეროვნული კომპეტენციაა და ეს არ შეიცვლება.

„თავდაცვა აშკარა მიზეზების გამო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვები, რამდენად მტკიცეა შეერთებული შტატების ჩართულობა ნატო-ში, ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული დამოუკიდებლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. ეს ფუნდამენტური არჩევანია. ეს არ ნიშნავს, რომ ნატო-ს ვტოვებთ, საერთოდ არა. თუმცა, ნატო-ში გაცილებით ძლიერი ევროპული საყრდენი გვსურს. ვნახოთ, რა მოხდება ნატო-სთან დაკავშირებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპის თავდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

ჩემი დაკვირვება ისაა, რომ თავდაცვა კვლავ ეროვნული კომპეტენციაა და ეს არ შეიცვლება. ამიტომ, ჩვენ არ ვისწრაფვით ევროპული არმიისა და ერთიანი სამეთაურო სტრუქტურის შექმნისკენ. თუმცა, ვცდილობთ ბევრად უფრო ფართო თანამშრომლობასა და ინტეგრაციას, როგორც ევროპაში ხდება ხოლმე, ეტაპობრივად. ამას ვაკეთებთ როგორც წევრი სახელმწიფოების, ისე ევროკავშირის დონეზე. წევრი სახელმწიფოების დონეზე ვალდებულება არის გაცილებით მეტის დახარჯვა, მშპ-ს 2%-დან 2.5%-მდე. ჩემს ქვეყანაში ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა ერთი წლის განმავლობაში. ეს მართლაც უპრეცედენტოა. საერთო ჯამში, ევროკავშირი თითქმის ორჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე რუსეთი – თუ არ ჩავთვლით მათ ამჟამინდელ საომარ ეკონომიკას. ეს ხარჯები ფრაგმენტულად არის განაწილებული, ამიტომ საჭიროა ბევრად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. საჭიროა მეტი ხარჯვა, უკეთესი ხარჯვა და ერთობლივი ხარჯვა“, – აღნიშნა რომპეიმ.

როგორც ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, ევროპელი ლიდერები კვიპროსში წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთდახმარების მუხლს განიხილავენ რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში. რომპეის შეფასებით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.

„წევრი სახელმწიფოების ძალისხმევის პარალელურად, გვაქვს ევროპული ინიციატივებიც. რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოიდგენდით პროგრამას სახელწოდებით Rearm Europe. ახლა კი გვაქვს სპეციალური პროგრამა. ევროკომისიას შეუძლია ისესხოს ევროპის კაპიტალის ბაზრებზე და შემდეგ გადასცეს ეს თანხა წევრ სახელმწიფოებს იარაღის ერთობლივი შესყიდვებისთვის. ეს ევროკავშირის ისტორიაში უპრეცედენტოა. ასე რომ, ჩვენ სხვადასხვა სფეროში ბევრად მეტ პროგრესს ვაღწევთ ევროპული თავდაცვის კავშირის მიმართულებით. ამასთან, წევრი სახელმწიფოების დონეზე არსებობს თანამშრომლობის მრავალი კოალიცია. იმედია, ისინი შეიმუშავებენ საერთო ტიპის იარაღს, გამანადგურებლებს, ტანკებს და ა.შ. ფრაგმენტაცია ევროკავშირისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. იმის საჩვენებლად, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება ევროკავშირში, გერმანიას ექნება ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი არმია. წარმოიდგინეთ ისტორიული პერსპექტივიდან, გერმანიას კვლავ ყველაზე დიდი არმია ეყოლება ევროპაში და ამას არავინ აკრიტიკებს. პირიქით, ამას მიესალმებიან. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა. თუმცა ეს მხოლოდ უსაფრთხოებას არ ეხება.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კლიმატის ცვლილების საკითხზე. გვაქვს საერთო ვალუტა. ევროკავშირი საერთო ბაზარია და ეს ბაზარი კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ. უსაფრთხოება ამის ძალიან ძლიერი მაგალითია. როგორც ახლა ვხედავთ, ევროპელი ლიდერები კვიპროსში არიან არაფორმალურ შეხვედრაზე და განიხილავენ ხელშეკრულების 42.7 მუხლს – პუნქტს, რომელზეც ადრე თითქმის არავინ საუბრობდა, ახლა კი დისკუსიის ცენტრშია. ეს გულისხმობს ურთიერთდახმარებას, თუ რომელიმე წევრ ქვეყანას თავს დაესხმებიან. ანუ უპრეცედენტო რაღაცებზე საუბრობენ. ვინ იცის, სად ვიქნებით ხუთ წელიწადში? ბევრი საუბარია ევროკავშირის არმიაზე და მსგავს რაღაცებზე. ვნახოთ. ეს მუხლი ხელშეკრულებაში ყოველთვის იყო. ადრე არავის ეგონა, რომ მისი გამოყენება ოდესმე გახდებოდა საჭირო, რადგან არსებობდა ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი. ახლა კი ჩვენ 42.7 მუხლს ბევრად ძლიერ ინტერპრეტაციას ვაძლევთ. სწორედ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა – რას ვაკეთებთ და როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი“, – განაცხადა რომპეიმ.

იტვირთბა....