დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მძიმე მარხვის ბოლო კვირის დიდ ოთხშაბათს აღნიშნავს. ამ დღეს ქრისტე იუდამ გასცა.
ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასასაფლავებლად მოამზადა.
დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.
დიდ ოთხშაბათს მორწმუნეთა განსწავლისათვის წმ. იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვაც იკითხება მათეს სახარების 26-ე თავის მე-6 მუხლის შესახებ. წმიდა მამა გვმოძღვრავს განსაკუთრებით მოვერიდოთ სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის დამღუპველ ცოდვებს. მისი სწავლებით, ვნების თვისება არ არის, მინავლდეს შემდგომად ხორციელი დაკმაყოფილებისა, არამედ პირიქით, შემდგომად წადილის აღსრულებისა იგი უფრო მეტად მოიცავს ცოდვილი ადამიანის სულს.
Ambioni.ge