ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ 3 მაისამდე საპროტესტო აქციებს წყვეტს

„ნაციონალური მოძრაობა“ 3 მაისამდე საპროტესტო აქციებს წყვეტს, – ამის შესახებ თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 3 მაისს წითელ ხაზად აწესებს და თუ მათი პროტესტი დაკმაყოფილებული არ იქნება, პროტესტი უმწვავეს ხასიათს მიიღებს.

„აქციები იქნება უკიდურესად მწვავე. ჩვენ ვაფრთხილებთ ნარმანიას და ივანიშვილს, რომ გამოიჩინონ გონიერება. 3 მაისს ვაწესებთ წითელ ხაზად. თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული, პროტესტი მიიღებს უმწვავეს სახეს“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა. გარდა ამისა, როგორც პარტიის წევრმა ნიკა მელიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთებულიყო, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს დასრულდება და “მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება”.

იტვირთბა....