სომხეთის მთავრობა „ტრამპის გზის“ ფარგლებში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, პროექტი მთავრობის სხდომაზე დისკუსიის გარეშე განსახილველ საკითხებს შორისაა.
დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები სომხეთის კონსტიტუციას. მათივე ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაასკვნის, რომ შეთანხმების დებულებები კონსტიტუციას შეესაბამება, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დამადასტურებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, TRIPP-ის (ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში 2026 წლის პირველ ივნისს მოეწერა, ხოლო ერევანში – 2026 წლის 4 ივნისს.

