აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

უკრაინამ ევროკავშირისგან სპეციალური ნებართვა მიიღო, რათა 6 მილიარდი ევროს თავდაცვითი კრედიტის ნაწილი დრონებისთვის ჩინური კომპონენტების შესაძენად დახარჯოს – ”ფაინენშალ თაიმსი”

ევროკავშირმა უკრაინას ნებართვა მისცა, 6 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვითი კრედიტის ნაწილი დრონებისთვის ჩინური კომპონენტების შესაძენად დახარჯოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, კრედიტის პირობების თანახმად, ევროკავშირის სახსრებით შეძენილი თავდაცვითი პროდუქცია ძირითადად უნდა მოდიოდეს ევროკავშირის ერთიანი ბაზრიდან, უკრაინიდან ან ისეთი პარტნიორი ქვეყნებიდან, როგორიცაა კანადა.

სხვა მოკავშირეებს პროგრამაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მისცენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას გააფორმებენ, პროგრამაში წვლილს შეიტანენ და უკრაინას მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევენ. დიდი ბრიტანეთი ამ პროგრამას 13 ივლისს შეუერთდა. იმ მიმწოდებლებისთვის კი, რომლებიც ზემოაღნიშნულ კატეგორიებში არ შედიან, კონტრაქტში სხვა ქვეყნების კომპონენტების წილი 35 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. რეგულაციების მიხედვით, შეიარაღების შესყიდვა არ უნდა „ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებს“.

თუმცა, წესებში გამონაკლისიც არის გათვალისწინებული, თუ მსგავსი პროდუქციის საკმარისად სწრაფად შეძენა ვერ ხერხდება კრიტერიუმების შესაბამისი ქვეყნებიდან ან იმ რაოდენობით, რაც უკრაინას სჭირდება, კიევს შეუძლია, ბრიუსელს სხვა ქვეყნებიდან შესყიდვის ნებართვა სთხოვოს.

მედიის ცნობით, უკრაინამ მოითხოვა და მიიღო გამონაკლისი პირველი, 5,9 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანშისთვის, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად იყო განკუთვნილი.

„ფაინენშალ თაიმსის“ წყაროების ინფორმაციით, ამან კიევს საშუალება მისცა, შეეძინა კონკრეტული ჩინური კომპონენტები, რომელთა რაოდენობაც ევროპაში არასაკმარისია.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ხარვეზებს, რომლებიც ევროკავშირის თავდაცვის წარმოებაში არსებობს. სტატიის მიხედვით, ეს გამონაკლისი ასევე ნათლად მიუთითებს ჩინეთის როლზე უკრაინისა და რუსეთის მომარაგებაში სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.

„ფაინენშალ თაიმსის“ მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა პეკინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ხელშეწყობაში დაადანაშაულა, ბრიუსელში ასევე აღიარებენ, რომ უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრია ჩინურ კომპონენტებზე დამოკიდებული.

იტვირთბა....