აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ესპანეთმა, სლოვენიამ და ირლანდიამ ისრაელ-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შეჩერება მოითხოვეს

ესპანეთმა, სლოვენიამ და ირლანდიამ ისრაელ-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შეჩერება მოითხოვეს. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, ეს პროცესი უკავშირდება ევროკავშირის სანდოობას ყველა საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც ევროკავშირმა ერთი და იგივე პრინციპები უნდა დაიცვას ყველგან.

ალბარესის განცხადებით, თუ ევროკავშირი დღეს ვერ შეძლებს ისრაელისთვის იმის თქმას, რომ ადამიანის უფლებები და საერთაშორისო კანონმდებლობა უნდა იყოს დაცული და რომ ომი არ უნდა იყოს გამოყენებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად, მაშინ ევროკავშირი სანდოობას დაკარგავს.

„ჩვენ იგივე უნდა ვთქვათ, ის, რასაც ვეუბნებით რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით, და რასაც სხვა სცენარების დროს ვამბობთ. ევროკავშირმა დღეს მკაფიოდ უნდა უთხრას ისრაელს, რომ საჭიროა ცვლილება, რომ ეს არაა სწორი გეზი, და რომ ვიდრე ისრაელი აგრძელებს ამ გზით სიარულს და მუდმივად არ წყვეტს ცეცხლს, ჩვენ ვერ შევძლებთ ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ ისრაელი-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების სრულად შეჩერება ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის მიუღებელია, მაშინ, სულ მცირე, უნდა მოხდეს ევროკავშირსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეჩერება.

იტვირთბა....