იმისთვის, რომ შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლების სახლში გაშვება, „ლელო“ მზად არის არ შეარჩინოს არცერთი ბრძოლის ველი და ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სკეპტიციზმმა, ბოიკოტმა და საარჩევნო ნიჰილიზმმა დააზიანა ზოგადად არჩევნების იდეა, რასაც მძიმე გავლენა ექნება მომავალშიც.
„ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოველთვის იყო თანმიმდევრული და სახელმწიფოებრივი საკუთარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზა.
იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლების სახლში გაშვება, „ლელო“ მზად არის არ შეარჩინოს არცერთი ბრძოლის ველი და ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას.
ბოლო წლების განმავლობაში, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სკეპტიციზმმა, ბოიკოტმა და საარჩევნო ნიჰილიზმმა დააზიანა ზოგადად არჩევნების იდეა, რასაც მძიმე გავლენა ექნება მომავალშიც. ეს არათანმიმდევრულობა, რაც ოპოზიციის ნაწილმა გამოიჩინა, კარგია რომ იცვლება. ამას მივესალმებით. სწორ, სტრატეგიულ ბრძოლას უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციური ფლანგი, იმისთვის, რომ შევძლოთ მოქალაქეების ინტერესების ასახვა პოლიტიკაში და ივანიშვილის სწრაფად გაშვება ხელისუფლებიდან. ამ ბრძოლაში „ლელო“ იქნება მთავარი მოწინავე ძალა, რომელიც შეიტანს მთავარ წვლილს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში“,- აღნიშნავს კუპრაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს. მისი თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოს თავის „რელსებზე“ დააბრუნებს.
„მე მჯერა არჩევნების! ეს არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

