რუსეთმა აღიარა აზერბაიჯანული Embraer 190 ტიპის ლაინერის ყაზახეთის ქალაქ აქტაუსში ჩამოგდება და დაზარალებულებს კომპენსაციას გადაუხდის – ამის შესახებ 15 აპრილს რუსეთისა და აზერბაიჯანის მხარემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 25 დეკემბერს რუსული სამხედრო დარტყმის შედეგად დაზიანდა. შემთხვევას ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38-ის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Embraer 190 ტიპის ლაინერს ჭურვი მაშინ მოხვდა, როდესაც ჩეჩნეთში, გროზნოში დაშვებას ცდილობდა, რის შემდეგაც კურსი კასპიის ზღვის მიმართულებით შეიცვალა.
“გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს ორმხრივ განზრახვას, მომავალშიც გავაძლიეროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა“ – ნათქვამია რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გარიგება ეფუძნება 2025 წლის ოქტომბერში მიღწეულ შეთანხმებას. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას აღიარა, რომ თვითმფრინავი რუსული სარაკეტო ცეცხლის შედეგად დაზიანდა. პუტინმა აღნიშნა, რომ დარტყმა შემთხვევითი იყო, რადგან ის უკრაინული დრონების თავდასხმის მოგერიების დროს მოხდა. მისმა კომენტარებმა გარკვეულწილად შეამცირა აზერბაიჯანის უკმაყოფილება, რომელიც რუსეთს კატასტროფაზე პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაში ადანაშაულებდა.
ერთობლივ განცხადებაში მათ მიუსამძიმრეს დაღუპულების ახლობლებსა და მეგობრებს. საგარეო უწყებებს კომპენსაციის ოდენობის შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. ავიაკატასტროფის გამოძიებას კვლავ ყაზახეთი ხელმძღვანელობს.

