მედიაში გავრცელებული ცნობები, რომლებიც ჩინეთს ირანისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ადანაშაულებს, სრულად შეთხზულია, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ბრალდებების საფუძველზე თუ ვაშინგტონი ტარიფების ზრდას გააგრძელებს, უმოქმედოდ არც ჩინეთი დარჩება.
„თუ აშშ ამ ბრალდებების საფუძველზე ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდას გააგრძელებს, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს,“ – წერს ლინ ძიანი სოციალურ ქსელში.
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, გაურკვეველია, თუ რა ცნობებს გულისხმობდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. თუმცა, „სიენენმა“ აშშ-ის სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ირანისთვის ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს.
აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით „ნიუ იორკ თაიმსის“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაზვერვის სააგენტოები აფასებენ, მიაწოდა თუ არა ჩინეთმა ირანს რაკეტები ბოლო კვირების განმავლობაში. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეფასება სწორი თუ აღმოჩნდება, ჩინურ საქონელზე დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებს.

