კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვევა.
კითხვაზე, ჩინეთში ვიზიტის დროს იგეგმება თუ არა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, დიმიტრი პესკოვმა უარყოფითად უპასუხა.
მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა ჯერჯერობით არ იგეგმება.
„შემიძლია, დავადასტურო, რომ მზადდება ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი. ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მზადდება ვიზიტი და მაღალი დონის კონტაქტები“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ვიზიტის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ვიზიტს გეგმავს დონალდ ტრამპიც. თავდაპირველად, მისი ვიზიტი 31 მარტიდან – 2 აპრილამდე პერიოდში იგეგმებოდა, თუმცა ირანში ომის გამო ვიზიტი დაახლოებით ერთი თვით გადაიდო.

