„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნა არ გავრცელდება. ასევე, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება არ დასჭირდება საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გაცემულ გრანტებს.
შესაბამისი დაზუსტებითი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს და უყრის კენჭს. კანონპროექტი ამ მიმართულებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვისას გადამუშავდა.
„გრანტების შესახებ“ კანონში დასახელებულია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობისათვის მიმართვის ვალდებულება არა აქვს. ეს არის: – ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა – „ჰორიზონტი ევროპა“, ევროკავშირის პროგრამა – „ერაზმუს+“, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური – DAAD და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“. მათ მიერ გაცემულ გრანტებზე, რომელიც ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაიცემა, „გრანტების შესახებ“ კანონი არ ვრცელდება.
არჩილ გორდულაძემ გადამუშავებული კანონის პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, აღნიშნულ ჩამონათვალს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ და საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები დაემატება.
„გთავაზობთ, რომ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რაც ისედაც იგულისხმებოდა, რომ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის და ამ ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნა არ გავრცელდეს. საქართველოში დაფუძნებულია კონკრეტული აიპი-ი, რომელიც არის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წევრი. მეტი სიცხადისათვის პირდაპირი ჩანაწერი იყოს, რომ მათზე „გრანტების შესახებ“ კანონი არ ვრცელდება.
ამავე დროს, დავაზუსტოთ, რომ საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზეც „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნა არ გავრცელდება.
აქ იგულისხმება მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი, რომელიც როგორც წესი ყოველთვის სასესხო ხელშეკრულების თანმდევი გრანტია და აქ სუვერენიტეტის დარღვევის რისკები მინიმალურია. ასეთი გრანტები სხვა პროცედურის შესაბამისად მთავრობასთან ისედაც თანხმდება, ხოლო პოლიტიკურ ნაწილში გრანტები არ გაიცემა“, – განაცხადა გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. კანონპროექტის თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

