ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
შეხვედრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ ურთიერთნდობა, გააღრმაონ თანამშრომლობა და დაიცვან ერთმანეთის ინტერესები. ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების „სტაბილურობას“, რაც, მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ცვლილებების ფონზე.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები „ურყევია ნებისმიერი ქარიშხლის წინაშე“, რაც უკვე დადასტურდა მრავალი პროცესით.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს აქვთ ყველა შესაძლებლობა, არ იყვნენ დამოკიდებული აშშ-ის „აგრესიულ ავანტიურებზე“, რომლებიც, მისი შეფასებით, მიზნად ისახავს გლობალური ენერგეტიკის დესტაბილიზაციას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გზით.
ლავროვის თქმით, რუსეთს შეუძლია, ენერგორესურსებით უზრუნველყოს ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო დეფიციტს განიცდიან. მისივე განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი მზად არიან, მხარი დაუჭირონ აშშ-ირანის მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატს და მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
ლავროვმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება აშშ-თან გამართულ მოლაპარაკებებს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და მზად არის მათი გაგრძელებისთვის.

