ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ალასანია-ბურჭულაძის ალიანსს სერიოზული წონა ექნება“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძესთან

წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ცალკეულ პარტიათა შესაძლებოლობების შეფასება. ამ პროცესს ხელს სოციოლოგიური კველევების გამოქვეყნებაც უწყობს, საიდანაც ირკვევა, რომ ელექტორატის დიდ ნაწილს არჩევანი ერთ რომელიმე ძალაზე ჯერ არ შეუჩერებია. ამ ფონზე ყველაზე ლოგიკური პროცესი და საზოგადოებრივი ინტერესი ცალკეულ პარტიათა ალიანსია. პოლიტიკურ ძალთა გადანაცვლებაზე, პარტიათა შესაძლებლობებზე „მეტრონომი“ პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

მეტრონომი“: საკმაოდ საინტერესო წინასაარჩევნო პერიოდი გველის. ეს არჩევნები იმით იქნება გამორჩეული, რომ კონკრეტული გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს. თქვენი აზრით, შეძლებს პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ელექტორატის მობილიზებას, რათა არჩევნებში შედარებითი უპირატესობა მოიპოვოს?

თორნიკე შარაშენიძე: არჩევნებისთვის ელექტორატის მობილიზებას „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს, შესაძლოა შეძლოს ელექტორატის მობილიზება მის მიერ შექმნილი სატელიტი პარტიების მეშვეობით. შესაძლოა, რაღაც ახალი სატელიტი პარტია გაჩნდეს, რომელიც მოაგროვებს იმათ ხმებს, ვისაც ჰგონია, რომ ევროპა გაგვაპიდარასეტებს. ისინი შეეცდებიან მოაგროვონ არაინფორმირებული ქსენოფობიური განწყობის მქონე ელექტორატის ხმები. ივანიშვილი სხვა პარტიების მეშვეობით შეეცდება ამ ელექტორატის ხმების მოგროვებას. ბუნებრივია,  ის შეეცდება მის პარტიას ეს ნიშა აარიდოს. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ ის ძირითადად ახალგაზრდებით დააკომპლექტებს, განახლების ეფექტი რომ შექმნას. სწორედ ამ მეთოდით შეეცდება არჩევნებზე მომხრეთა მობილიზაციას. თუ მთავრობამ მუშაობა არ გამოასწორა, ეს საკმარისი არ იქნება. ზოგადად, არ მგონია, მათ არჩევნებში გამარჯვება გაუიოლდეთ. სამი-ოთხი თვის წინ რომ გეკითხათ გეტყოდით, რომ „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ მოიგებდა არჩევნებს .

– რა შეიცვალა მას შემდეგ?

– მას შემდეგ რაც კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მათ ჰქონდათ შანსი მიეცათ მისთვის თავისუფლება, მას ჰქონდა შანსი მოსახელობისა და პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა მოეპოვებინა, თუმცა, როგორც ჩანს, კვირიკაშვილს ამის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ, მივიღეთ ღარიბაშვილზე უკეთესი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ამის იქით, ალბათ ვეღარ წავა.

– თუ ადამიანთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა არ იცვლება პერსონებს რა მნიშვნელობა აქვთ?

– აბსოლუტურად გეთანხმებით. თუ ადამიანთა ცხოვრება არ იცვლება და ეკონომიკა წინ არ მიდის, პერსონების ცვლილება არ იმუშავებს, მაგრამ გარკვეული შანსი მაინც ჰქონდათ კეთილგანწყობა შეექმნათ ხალხში, „ლაითი“ ცვლილებები მაინც განეხორციელებინა კვირიკაშვილს, თუმცა ესეც არ ხდება. ერთადერთი მოხდა ის, რომ ფეხით მივიდა სტუდენტებთან… ამის იქით მას სამწუხაროდ, არაფერი არ უქნია. ამის გამო ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „შანსი“არჩევნები წააგოს.

– თქვენ სატელიტი პარტიების შექმნა ახსენეთ. რამდენიმე ასეთი უკვე არსებული პარტია მახსენედება მსგავსი ლოზუნგებით. რა საჭიროა ახლის შექმნა, როცა ასეთები უკვე არსებობენ და მათ საკუთარი ელექტორატი ნამდვილად ჰყავთ.

– ასეთი ტიპის პარტიები უკვე აქტიურობენ და მათ აქვთ იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც ცდილობს ამ ტიპის ამომრჩევლის ხმების მოპოვებას. საქართველოში სამწუხაროდ, ფული ძალიან ცოტაა და ფული კონცენტირებულია ერთი ადამიანის ხელში. როგორც ვიცით, პოლიტიკურ პარტიას ფული სჭირდება და ამ ფულს ვერ დახარჯავს, თუ ერთი კაცისგან ნებართვა არ აქვს.

– „გირჩზე“ მინდა გკითხოთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელებაა, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ „ნაციონალებს“ ისინი ხმებს წაართმევენ. როგორ აფასებთ მათ შესაძლებლობებს, გადალახავენ 5%-იან ბარიერს?

– ამ ეტაპზე რასაც ვუყურებ ვფიქრობ გაუჭირდებათ, რადგან ამ დროისთვის მათ მხოლოდ ფილარმონიიის გავსება შეძლეს. ვნახოთ, რას იზამენ რეგიონებში და როგორ მიიტანენ თავიანთ სათქმელს ამომრჩევლამდე. შესაძლოა „გირჩს“ ჰქონდეს კარგი პროგრამა, მაგრამ ამას ხალხამდე მიტანა უნდა. საქართველოში ხალხში თუ არ იარე, ხმებს ისე ვერ მოიპოვებ. პროგრამა და ფილარმონიის გავსება არაფერს ნიშნავს. არ მგონია, „გირჩმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა წაართვას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი „გირჩს“ ხმას არ მისცემს იმიტომ, რომ „გირჩი“ რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა. ზოგიერთი კი ამას ღალატად აღიქვამს.

– რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, რა შანსები აქვთ მათ არჩევნებზე, იდეოლოგიურად ეს პარტია ყველაზე ახლოს „თავისუფალ დემოკრატებთან“ არის. შესაძლოა ვიხილოთ ამ ორი პარტიის ალიანსი სინასაარჩევნოდ?

– „თავისუფალ დემოკრატებთან“ ალიანსი მათ აწყობთ, მაგრამ რამდენად აწყობთ ეს ალიანსი „თავისუფალ დემოკრატებს“ მათ უნდა ჰკითხოთ. მგონი მაინცდამაინც არ უნდა აწყობდეთ. ფაქტია, რომ „რესპუბლიკელებს“ ნეგატივი მოჰყვებათ. ისინი ფართო საზოგადოებაში არ უყვართ. ასევე არ უყვარს  ბევრ პოლიტიკურ პარტიას.

– არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისეთი პარტია ვისაც „რესპუბლიკელები“ შესაძლოა ალიანსზე  ესაუბრონ? ლიბერალურ ჯგუფებს ვგულისხმობ…

– არ მგონია. არავის არ აწყობს მათთან გაერთიანება. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“ მათ მშვენიერი შანსი აქვთ, განსაკუთრებით თბილისში. მათზეა დამოკიდებული რეგიონებში როგორ იმუშავებენ.

– „პატრიოტთა ალიანსს“ რაც შეეხება. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მათთან და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ალიანსს არც ახლა და არც მომავალში არ გეგმავს. რატომ გამორიცხავს კატეგორიულად პრემიერი მასთან ალიანსს? იმიტომ რომ ისინი პრო-რუსული პარტიები არიან? მაშინ თავაც „ქართულ ოცნებაზეც“ ასე ამბობდნენ, მაგრამ მან თავისი მოღვაწეობით დაადასტურა, რომ მათი გეზი მთლად პრორუსული არ არის…

– არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ბუნებრივია მათთან ალიანსში არ შევა, მაგრამ არჩევნების შემდეგ შესაძლოა მიდგომა შეცვალონ. ბოლოსდაბოლოს შესაძლოა არჩევნების შემდეგ კვირიკაშვილი საერთოდ აღარ იყოს პრემიერ-მინისტრი. ასე რომ, მას ვერავინ ვეღარ მოჰკითხავს თავის სიტყვებს.

– პატარა პარტიები რას იზამენ? ვგულისხმობ მხარდამჭერების მხრივ პატარა პარტიებს. მათი გაერთიანება რეალურად შექმნის პოლიტიკურ ამინდს? ვგულისხმობ კუკავას პარტიას და სხვებს…

– ბუნებრივია, პატარა პარტიები ამინდს ვერ შექმნიან. მათ შეუძლიათ მხოლოდ წაართვან ხმები ვიღაცებს. რამდენად იქნება მათი წართმეული ხმები გადამწყვეტი ამას უკვე არჩევნები გვიჩვენებს. საბოლოო ჯამში, მაინც არსებობს იმის საფრთხე, რომ მოხდეს ამომრჩევლის პოლარიზაცია, დაიყოს მთელი ამომრჩეველი ორ ნაწილად ნაცებად და ქოცებად, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია პატარა პარტიები თავიანთ წონას კარგავენ.

– იმ ფონზე, როცა ამომრჩეველთა უმრავლესობას გადაწყვეტილება არ მიუღია, რამდენად არსებობს „ნაცებად“ და „ქოცებად“ დაყოფის რეალური შესაძლებლობა?

– ღმერთმა ნუ ქნას ასეთი რადიკალიზაციის პროცესი წარიმართოს, მაგრამ ამის ნიშნები უკვე არსებობს.

IRI-ს კვლევებზე მინდა გკითხოთ. კვლევების მიხედვით ბურჭულაძე დიდი მოწონებით სარგებლობს საზოგადოებაში, თქვენ ენდობით ამ კვლევებს? 75% საკმაოდ ბევრია, თქვენი აზრით, რითი დაიმსახურა ბურჭულაძემ ასეთი პოლიტიკური სიმპათია საზოგადოების თვალში თუ მას კიდევ ქველმოქმედის „ბექრაუნდი“ მოჰყვება პოლიტიკაში?

– ჯერ პოლიტიკაში არ შესულა და ის ნეგატივი არ მოჰყვება. ნეგატივი, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსს თან ახლავს, მას ბატონ პაატას ეს ნეგატივი ჰერჯერობით არ აქვს. ჯერჯერობით ის არ „გასვრილა“  და პოლიტიკაში ძნელია, რომ არ გაისვარო. ის ძალიან წარმატებულია თავის სფეროში და ჩვენთან ვინც უცხოეთში აღწევს წარმატებას, პატივს სცემენ. ქველმოქმედის იმიჯიც, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ხალხი ისევ ეძებს ახალ სახეს. რამდენად გამოდგება პაატა ბურჭულაძე იმ ახალი სახისთვის ძნელი სათქმელია და მით უმეტეს მესიისთვის. ვიმედოვებ, ხალხი მესიას არ ეძებს.

რომელ პარტიების ალიანსს ივარაუდებდით? შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, რომელი პოლიტიკური გუნდების ალიანსი იქნებოდა პოლიტიკურად მომგებიანი? რა თქმა უნდა წამყვან პოლიტიკურ გუნდებს ვგულისხმობ.

– ჩემი პოლიტიკური გემოვნება არ წყვეტს, თორემ ოდნავ უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა. დაანონსდა უკვე „პატრიოტთა ალიანსის“ და „მრეწველები“ ყველანაირად გამართლებული ალიანსია. „ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“, შეგვიძლია ვთქვათ. დანარჩენი რა გითხრათ… არ მგონია „რესპუბლიკელები“ ვინმესთან ალიანსში შევიდნენ. ყოველ შემთხვევაში, მათზე უფრო ძლიერ პარტიასთან ისინი ალიანსში ვერ შევლენ, რადგან ისინი ამ ეტაპზე არავის არ სჭირდება. რაც შეეხება დანარჩენებს, ჯერჯერობით მგონი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ჯერ არ დარეგისტრირებულა პარტიად პაატა ბურჭულაძის ფონდი. მე ვერ ვხედავ დიდ აზრს, რომ ვიღაცა ვიღაცასთან ალიანსში  შევიდეს. ალასანია-ბურჭულაძის ალიანსის შემთხვევაში სერიოზული წონა ექნება ალბათ ამ პარტიას, მაგრამ არ ვიცი რამდენად მზად არიან ამისთვის… ნამდვილად არ ვიცი…

– „პატრიოტთა ალიანსისთვის“ თოფაძე ალბათ უფრო ფინანსურად არის მისაღები…

– დიახ. თოფაძე დამფინანსებელი იქნება. ჯერ ერთი – გაერთიანდება ორი მეტნაკლებად ერთნაირი შეხედულების პარტია. პირველი ნაკლებად რეიტინგული თოფაძე დააფინანსებს უფრო რეიტინგულ „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც იფიცება, რომ  პრორუსული არ არის. აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის პარტიაც და ინაშვილის პოლიტიკური ძალაც კატეგორიულად უარყოფს პრორუსულობას, ანუ პრორუსულობა კვლავაც სირცხვილია, რაც კარგია. ყველაფრის მიუხედავად რუსეთმა ამას მაინც ვერ მიაღწია.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....