ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ მაიკლ ო’ფლაერტსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, კომისართან საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრა შედგა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ვისაუბრეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის იმ შემზღუდველ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიემართება როგორც სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვას, ისე ჟურნალისტებისთვის მუშაობის შეზღუდვას. ასევე, ვისაუბრეთ იმ საქმეების გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც სისტემურ წამებას შეეხებოდა და უცნობი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.
როგორც კომისრის საჯარო განცხადებებიდან არის ცნობილი, ის შეხვდება როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. თავისი მანდატი მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მონიტორინგს და ჩვენ არაერთი შეფასება გვინახავს, მათ შორის, ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე, კომისარი როგორც მესამე მხარე, ჩართულია სტრასბურგის სასამართლოში “რუსული კანონის” საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდება.

