უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, ევროკავშირში პუტინის მხარდამწერი ორბანის დამარცხების ევროპულ, ამერიკულ. ჩინურ და რეგიონალურ, კერძოდ, სამხრეთ კავკასიურ განზომილებაზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, ასისტენტ-პროფესორს, გიორგი კობერიძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, 12 აპრილს უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ევროკავშირში პუტინის „ტროას ცხენად“ მიჩნეული და იმავდროულად აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია დამარცხდა.
პირეტ მადიარის პარტია „ტისა“-მ, 199 მანდატიდან 138 მანდატი მიიღო და უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობაც აქვს. ორბანის დამარცხებას რამდენიმე განზომილება აქვს, ჩვენ მათ აუცილებლად შევეხებით.
იმის გათვალისწინებით რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა უკვე მიულოცეს პირეტ მადიარს, ორბანის დამარცხებას უნგრელ ხალხთან ერთად ზეიმობს ლამის მთელ ევროპაში, სამგლოვიარო განწყობებია მხოლოდ რუსეთში, და იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსული გავლენის ქვეყნებად ითვლებიან.
მას შემდეგ რაც 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ორბანის პარტია დამარცხდა, რომელიც ევროკავშირისაგან იზოლაციონისტურ, პრომოსკოვურ პოლიტიკას ატარებდა, ახლა ის დროა ვიმსჯელოთ იმაზე, სავარაუდოდ, რას მიიღებს ორბანის დამარჩხებით ობრანის დამმარცხებელი უნგრელი ხალხი?
რა მიზეზებმა განაპირობა საკმაოდ მონოლითური ორბანის პარტიის დამარცხება?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ 12 აპრილს უნგრეთში მომხდარი მოვლენა არ არის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ლოკალური პოლიტიკური ცვლილება – ეს არის სერიოზული გეოპოლიტიკური მიწისძვრა მთელი ევროპისთვის.
დემოკრატიაცა და ავტოკრატიაც ვრცელდება ტალღებად, მასშტაბური მოვლენების შემდეგ. შესაძლოა ორბანის დამარცხება ტალღის დასაწყისიც გახდეს. 16 წლიანი მმართველობის დასრულება, თანაც ისეთი შედეგით, სადაც ახალმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ნათლად აჩვენებს, რომ ევროპის შუაგულში ავტოკრატიული, პრორუსული მოდელი სრულად ამოწურულია, იდეა გაკონტრებულია და კრახისთვისაა განწირული. უნგრეთი იმ დამარცხებების სერიის გაგრძელებაა რაც რუმინეთსა და მოლდოვაში ვიხილეთ მანამდე.
16–წლიანი მმართველობის დასრულება, თანაც ისეთი შედეგით, სადაც ახალმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ნათლად აჩვენებს, რომ ევროპის შუაგულში ავტოკრატიული, პრორუსული მოდელი სრულად ამოწურულია, იდეა გაკონტრებულია და კრახისთვისაა განწირული. უნგრეთი იმ დამარცხებების სერიის გაგრძელებაა რაც რუმინეთსა და მოლდოვაში ვიხილეთ მანამდე
რას მიიღებს უნგრელი ხალხი ამ გამარჯვებით? პასუხი მარტივი და ცალსახაა: კორუფციის დამარცხების შესაძლებლობას და ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფო სტატუსიდან გამოსვლას. წლების განმავლობაში ვიქტორ ორბანმა უნგრეთი ფაქტობრივად ევროკავშირში და ნატოში “ტროას ცხენად” აქცია. ის აშანტაჟებდა ბრიუსელს, ბლოკავდა უკრაინის დახმარებას და ღიად უკავშირებდა თავის ბედს კრემლს, რის გამოც ქვეყანა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.
პეტერ მადიარისა და პარტია “ტისას” გამარჯვება ნიშნავს ევროკავშირთან გაყინული მილიარდობით ევროს განბლოკვას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთის ეკონომიკისთვის. თუმცა, ფინანსურ კეთილდღეობაზე ბევრად უფრო ფასეული უსაფრთხოების და ინსტიტუციური განზომილებაა. უნგრეთი დააღწევს თავს მოსკოვის ორბიტას და აღადგენს შელახულ ნდობას ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორებთან და ექნება შანსი დაიბრუნოს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი და სანდო სახელმწიფოს სტატუსი.
ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოს აღდგენის შანსი – იმ ფუნდამენტის, რომელიც ორბანის რეჟიმმა მიზანმიმართულად დაანგრია.
რას მიიღებს უნგრელი ხალხი ამ გამარჯვებით? პასუხი მარტივი და ცალსახაა: კორუფციის დამარცხების შესაძლებლობას და ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფო სტატუსიდან გამოსვლას
რამ განაპირობა ორბანის ერთი შეხედვით მონოლითური სისტემის ნგრევა? ისტორია არაერთხელ გვასწავლის, რომ არცერთი რეჟიმი არ არის მარადიული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საკუთარი ხალხის ისტორიულ მეხსიერებას უპირისპირდება.
განა შეიძლებოდა 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მემკვიდრე ერს სამუდამოდ შესგუებოდა ლიდერს, რომელიც პუტინის ინტერესების მთავარი გამტარებელი გახდა ევროპაში? შეუძლებელია. ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა ადრე თუ გვიან აუცილებლად იწვევს უკურეაქციას.
ამასთანავე, ორბანის დამარცხების მთავარი მიზეზი იყო კატასტროფული შიდა კორუფცია, ეკონომიკური სტაგნაცია და საზოგადოების ტოტალური დაღლა. სისტემა, რომელიც აგებული იყო შიშზე, პროპაგანდასა და ვითომდა “ტრადიციული ღირებულებების” დაცვაზე, შიგნიდან გამოლპა. ორბანის რეჟიმის სრული კოლაფსი დაიწყო მაშინ, როდესაც ფსევდოტრადიციონალისტური რეჟიმის ყველაფერი პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერეს პედოფილიის საქმის დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალებას.

