აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე მყიფე ზავია მიღწეული, მაგრამ ირანელები თუ არიან მზად ჩვენთან ითანამშრომლონ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ” – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტას მყიფე ზავი უწოდა.

ვენსმა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ბოლო საათებში მიიღო მონაწილეობა, თქვა, რომ ამ მოლაპარაკებებმა ირანული სისტემის შესახებ ბევრი რამ ასწავლა.

ბუდაპეშტში გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რეაქცია განსხვავდებოდა მთავრობაში არსებული ჯგუფების მიხედვით.

ვენსის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად უპასუხა გეგმას, მაგრამ სხვები „იტყუებოდნენ“ იმის შესახებ, თუ რა იქნა მიღწეული შეერთებული შტატების მიერ სამხედრო თვალსაზრისით, ასევე იტყუებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის გუნდს სთხოვა, ამ ეტაპზე თავი შეიკავონ ირანზე ზეწოლის მიზნით გარკვეული სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებისგან. თუმცა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ეს ვარიანტები კვლავ განიხილება, თუ ირანი ვერ შეძლებს ომის სამუდამოდ დასრულებისკენ პოზიტიური მოლაპარაკებების წარმოებას.

„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს მყიფე ზავია. არიან ადამიანები, რომლებსაც აშკარად სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან მოსვლა და ჩვენთან მუშაობა კარგი შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იტყუებიან უკვე მიღწეული მყიფე ზავის შესახებაც კი. ირანელები კეთილი ნებით მზად თუ არიან ჩვენთან ითანამშრომლონ, ვფიქრობ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ. ისინი ტყუილს თუ აპირებენ, აპირებენ მოტყუებას, შეეცდებიან ხელი შეუშალონ მიღწეულ მყიფე ზავსაც კი, ისინი არ იქნებიან ბედნიერები. მან გვითხრა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ. მაგრამ ირანელები თუ ზუსტად იმავეს არ გააკეთებენ, აღმოაჩენენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისეთი არ არის, ვისთანაც დრო უნდა ხარჯო. ის მოუთმენელია. ის მოუთმენელია პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

იტვირთბა....