საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.
მაკრონმა ირანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას „ძალიან კარგი მოვლენა“ უწოდა და ყველა მხარეს მოუწოდა, „სრულად დაიცვან“ ის, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელება.
„ვიმედოვნებთ, უახლოეს დღეებსა და კვირებში შეთანხმება სრულად იქნება დაცული მთელ რეგიონში, რაც საშუალებას მისცემს მოლაპარაკებებს, რომელსაც, სხვათა შორის, საფრანგეთი 2018 წლიდან უჭერს მხარს, გრძელვადიან პერსპექტივაში მოაგვაროს ირანთან დაკავშირებული ბირთვული, ბალისტიკური და რეგიონული საკითხები“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ლიბანსაც უნდა მოიცავდეს.
ისრაელი ამას ეწინააღმდეგება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ ეხება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.

