საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეები – ვლადისლავს ბორისოვსი, ევგენის კალნმალისი და საქართველოს მოქალაქე დავით გაგნიძე დააკავეს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ფულად თანხებს. ამ მიზნით მათ შეიმუშავეს და განახორციელეს თაღლითური გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია სახელწოდებით „ჯორჯიაფრუტი 16“ და საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიშები. რეალურად კი, საწარმოს შექმნა და საბანკო ანგარიშების გახსნა განხორციელდა ფიქტიურად და მიზნად ისახავდა დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 2016 წლის 20 აპრილს ფიქტიური კომპანიის – შპს „ჯორჯიაფრუტი 16“-ის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოირიცხა 449 994 აშშ დოლარი.
იმავე დღეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვლადისლავს ბორისოვსმა, ევგენის კალნმალისმა და დავით გაგნიძემ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოიტანეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 440 000 აშშ დოლარი, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გამოძიების მიერ სრულად იქნა ამოღებული მითითებული თანხა.
ვლადისლავს ბორისოვსის, ევგენის კალნმალისს და დავით გაგნიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.