aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ეჭვმიტანილი დაკავებულია: რა კავშირი ჰქონდა გიორგი ყუფარაძეს მოკლულ დედა-შვილთან…

aviabiletebi
ავიაბილეთები

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სერიულ მკვლელობაში მხილებული გიორგი ყუფარაძე, იგივე ბეტონა, დაკავებულია. მას ბრალი ედება დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში. ბრალდებული, მთავარი ფიგურანტი საბერძნეთში ერთ-ერთ ჰოსპიტალშია მოთავსებული და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თბილისში მისი ექსტრადირების პროცედურები უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე საქმის ირგვლივ არსებულ ახალ დეტალებზე არ საუბრობს. ოფიციალური ინფორმაციით, 27 წლის გურამ კვეზერელის ცხედარი კოჯორში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰყავდა დამარხული. დაკავებულის ინტერესებს თბილისში ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე იცავს (მაგდა პაპიძის ყოფილი ადვოკატი). „პრაიმტაიმის“ კითხვაზე: აღიარებს თუ არა დანაშაულს გიორგი ყუფარაძე? ადვოკატი აცხადებს, რომ არ სურს პრესასთან აღნიშნულ საქმეზე საუბარი.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გიორგი ყუფარაძემ საქართველო დანაშაულის ჩადენიდან მალევე დატოვა და ევროპის რამდენიმე ქალაქს აფარებდა თავს. მასთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, ყუფარაძე ამ დროისთვის საბერძნეთშია. ამავე წყაროს მეშვებით, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ სხვა საქმეზე დაკავებულმა ვასილ გოშაძემ, რომელიც მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს, გამოძიებასთან ითანამშრომლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ მისი მეშვეობით გავიდა ძიება ყუფარაძის კვალზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვასილ გოშაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის დეკემბერში 575 აბი სუბოტექსით დააკავეს. გოშაძეს მიმართ წაყენებული ბრალი უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა მან საპროცესო გარიგების სანაცვლოდ გამოძიებასთან ითანამშრომლა და და-შვილის მკვლელობა აღიარა. დასახელა ამ საქმის მთავარი ფიგურანტი – გიორგი ყუფარაძეც და საქმესთან შეხებაში მყოფი კიდევ ორი პირი. საუბარია ირაკლი კაკაურიძეზე, რომელიც ყუფარაძის მამიდაშვილია და ზურაბ ესიაშვილზე. ამ პირებს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ირაკლი კაკაურიძისთვის ბრალის არ წაუყენებიათ. რაც შეეხება ზურაბ ესიაშვილს, სასამართლომ მას 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სავარაუდოდ, კვეზერლების მკვლელობის საქმეზე თბილისში დაკავებული პირები გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ოფიციალური ინფორმაციით, გურამ კვეზერელი კოჯორში გიორგი ყუფარაძის აგარაკზე მოტყუებით აიყვანეს, სადაც მოკლეს. პლასტმასის კასრში მოათავსეს, გვამს მჟავა დაასხეს და სახლის უკანა ეზოში ჩამარხეს. იმავე დღეს თბილისში გიორგი ყუფარაძემ მოკლულის დედას, ნატო კვეზერელს თბილისის ზღვაზე საკუთარ სახლში მიაკითხა და ყელი გამოსჭრა. სახლიდან კი 12 ათასი დოლარი და ნიკა კვეზერელის სახელზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი გაიტაცა. გამოძიებამ საქმე ცხელ კვალზე ვერ გახსნა და მკვლელობის საქმე არასწორი მიმართულებით წარიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვი ნიკა კვეზერელზე მიიტანეს. გამოძიება ვარაუდობდა, რომ ნიკა კვეზერელმა თანხის გატაცების მიზნით დედა მოკლა და მიიმალა. გამოძიების ეს ვერსია ნიკა კვეზერელის გვამის აღმოჩენის შემდეგ ოფიციალურად გამოირიცხა. რა კავშირი ჰქონდა გიორგი ყუფარაძეს მოკლულ დედა-შვილთან? გამოძიება ამ კავშირებზე არ საუბრობს.

კოჯორში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებს საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი მოჰყვა. მედია საქმეში ბრალდებული პირების წარსულით დაინტერესდა, რომელიც კვეზერლების მკვლელობაზე არანაკლებ შემზარავი აღმოჩნდა.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ გიორგი ყუფარაძემ 2008 წელს თბილისში, სვანეთის უბანში, 200 დოლარის გამო, განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა აზერბაიჯანელი ძმები უსოიანები და მის მიერ ნაქირავები სახლის ეზოში ჩააბეტონა. სწორედ ამ საქმის შემდეგ მოიხსენიებდნენ კრიმინალურ წრეებში ყუფარაძეს მეტსახელით – „ბეტონა“. ყუფარაძემ ციხეში 6 წელი გატარა, თუმცა მას 27-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამავე პერიოდში 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ყუფარაძის თანამზრახველს ვასილ გოშაძეს, რომელმაც 2008 წელს გლდანში „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღა და მკვლელობა ჩაიდინა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ორივე მსჯავრდადებულს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, სასჯელის ვადა შეუმსუბუქდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყუფარაძემ და გოშაძემ სასჯელის განახევრების სანაცვლოდ, პროკურატურასთან მაშინდელი პარლამენტარის ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე ითანამშრომლეს. სავარაუდოდ, პარლამენტარის შვილის გახმაურებული მკვლელობის საქმე მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გაიხსნა. ზუბადალაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 2003 წელს მოკლეს. აღნიშნული მკვლელობის დამკვეთებად გამოძიებამ ზუბადალაშვილის მეუღლე და სიმამრი დაასახელა.

მკვლელობის უშუალო შემსრულებლად კი თემურ შარაშიძე მიეცა პასუხისგებაში უვადო პატიმრობით. ყუფარაძემ და გოშაძემ კი ციხე 2013 წელს დატოვეს და როგორც ირკვევა, დანაშაულებრივ საქმიანობას დაუბრუნდნენ – დედა-შვილი კვეზერლები დახოცეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა კვლავ საპროცესო გარიგების შედეგად გაიხსნა – ვასილ გოშაძემ, სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, სამართალდამცველებს თაროზე შემოდებული კიდევ ერთი საქმე მისცა.

„პრაიმტაიმი“

იტვირთბა....