ხათუნა ლაგაზიძე, პააატა ბურჭულაძის გუნდის ერთ-ერთი წევრი IRI-ს კვლევის პირველად, გავრცელებულ შედეგებს ეხმაურება, სადაც ბურჭულაძის ჯერ კიდევ არ არსებული პარტია საზოგადოების ინტერესით სარგებლობს. როგორც ხათუნა ლაგაზიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აცხადებს, ეს არსებული პოლიტიკური სპექტრით საზოგადეობის იმედგაცრუების მაჩვენებელია. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების ფრონტად იქცეს:
„საზოგადოება მთელი პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუებულია. ამას აჩვენებს ყველა კვლევა. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ საზოგადოებაში ახალი სახეების, ლიდერების მიმართ დიდი მოლოდინია. ეს საზოგადოების არჩევანია.
ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, პიროვნულად პაატა ბურჭულაძისთვის და იმ ფონდისთვის, რომელიც მის გვერდით არის.
კითხვაზე, არჩევნები რომ იყოს ხვალ, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხვაში პაატა ბურჭულაძემ მესამე ადგილი დაიკავა 12 პროცენტით. არ არსებული პარტიისთვის ეს დიდი მოლოდინია საზოგადოების მხრიდან.
ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ იმედგაცრუების და მეორე მხრივ, ახალი ძალის, იდეების მოლოდინის იმედი გვაქვს. ეს ბუნებრივია. საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობენ არსებული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. თუ ვნახავთ როგორი დაბალრეიტინგულია ორივე ძალა, ალბათობაა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება განვითარდეს. ჩანს რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძაობა“ და „ქართული ოცნება“ შავის და თეთრის დაპირისპირების პრინციპით წავა და საზოგადოების ესკალაციას შეეცდება. რადგან საზოგადოებაში არ არსებობს უკვე ავტორიტეტული ძალა, როგორც 2012 წელს „ქართული ოცნება“ იყო, ან 2003 წელს -„ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა განსხვავებული ვითარება გვაქვს, დაბალი ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური ძალები ვერ შეძლებენ საზოგადოების სამოქალაქო სტაბილურობის შენარჩუნებას.
პაატა ბურჭულაძე იმყოფება შტატებში და მართავს ინტენსიურ შეხვედრებს დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან. რესპუბლიკურ პარტიას უკვე შეხვდა. ამერიკაში მის მიმართ არანაკლები ინტერესია, როგორც საქართველოში. მისი დაბრუნების შემდეგ განვიხილავთ საზოგადოებაში არსებული მოლოდინის და ნდობის საკითხს ჩვენი გუნდის მიმართ და ჩამოვაყალიბებთ ჩვენ პოზიციას.“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პირებს შორის, ხალხის დადებითი განწყობის მიხედვით, 70 პროცენტით, პირველი ადგილი პაატა ბურჭულაძემ დაიკავა, IRI-ს კვლევის მიხედვით.