ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. რამიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს, ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ“.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა.
„ამ პრინციპის დარღვევის დამადასტურებლად შალვა რამიშვილს განცხადებაში მოყვანილი ჰყავს შემდეგი გარემოება „2015 წლის დეკემბერს ჩემსა [შალვა რამიშვილსა] და ბახტაძეს შორის „ვაიბერით“ განხორციელებულ მიმოწერისას ჩემი იძულება, რომ გადაცემა „პოლიტიკა“ (რომლის წამყვანი და პროდუსერი გახლავართ) მისთვის სასურველი ფორმით წამეყვანა“.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მისი დაფუძნებიდან, 2009 წლიდან დღემდე მეორე პრინციპის დარღვევისთვის არავის მოუმართავს და საბჭო პირველად იმსჯელებს იყო თუ არა ჟურნალისტის იძულება“ – ნათქვამია ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შალვა რამიშვილმა მის ადვოკათთან, გაგი მოსიაშვილთან ერთად მისი „ტელეკომპანია“ იმედიდან გაშვების რეალური მიზეზები დაასახელა. მან აღნიშნა, რომ თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვა იყო გამოყენებული, რათა ის ტელეკომპანიიდან გაეშვათ. როგორც შალვა რამიშვილმა განაცხადა, ის არ არის მოძალადე და სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროება არ განუხორციელებია. მისი თქმით, საქმე ეხება მის ერთ-ერთ გადაცემას, რომელიც მოსამართლე მურუსიძეს უკავშირდებოდა.