სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როგორც ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, დიდებიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია,- ამის შესახებ პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა:
„ადამიანის ცხოვრება საოცრად განსხვავებულია. დრონი იცვლებიან და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით. სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როგორც ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, დიდებიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია. დღეს ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეიმით შესვლას იერუსალიმში, სადაც მას ხალხი უგებდა ტანსაცმელს და ხის ტოტებს. უფალი ტიროდა, იმიტომ, რომ ხედავდა იმ ხალხის სისუსტეს. იგივე ხალხი, რომელიც ადიდებდა უფალს და უგალობდა ოსანას, რამდენიმე დღეში იყვირებდა „ჯვარს აცვი იგი“. ასეთი ცვალებადია ადამიანი და ჩვენ შევთხოვთ უფალს გაგვაძლიეროს ჩვენს სიკეთეში, გაგვაძლიეროს ჭეშმარიტ რწმენაში, მართლმადიდებლობაში, ასევე გააძლიეროს ჩვენში სიყვარული, მიმტევებლობა და ცოდვათა ჩვენთა განცდა“, – განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ მრევლს სამების საკათედრო ტაძარში ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკიც გააცნო.
ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირული წირვა აღევლინება. 26 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება შვიდგზის ზეთისცხება. ხუთშაბათს წირვას თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს და შესრულდება ფეხთა ბანვის წესი, ხოლო პარასკევს 14:00 საათზე გარდამოხსნის გადმოსვენება მოხდება.
შაბათს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკაშვირებით ლოცვა აღევლინება, ხოლო 23:00 საათიდან საზეიმო ლიტანიობა დაიწყება.