„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 2016 წლის ზაფხულში მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლები მოემსახურება.
„ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე“. – ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“მეტრონომთან” საუბარში საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფორსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ რკინიგზამ საკმაოდ შეღავათიან ფასად მოახერხა ამ მატარებლების შეძენა. ცაგურიას თქმით, მატარებლები რეისს ივლისის ბოლოდან განახორციელებენ.
“ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ბრენდის მატარებელი, რომლით მგზავრობაც იქნება კომფორტული და უსაფრთხო. მატარებელი ადაპტირებულია. ამ ბრენდის მატარებლები დადის ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და ავსტრია. ჩვენ ძალიან იაფად მოვახერხეთ მატარებლების შეძენა. მოგეხსენებათ სარკინიგზო ინდუსტრიაში კრიზისული სიტუაციაა და სწორედ ამის გამო შევძელით ძალიან იაფად შეგვეძინა. დაახლოებით 40 მილიონი ევრო გადაიხადა საქართველოს რინიგზამ, მაშინ როცა მატერებლების თვითღირებულება 60 მილიონ ევროს აჭარბებს”. – აცხადებს ცაგურია.