ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერმა ერთ თანამდებობაზე 2 პირი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ერთ დღეს ორი პირი “დანიშნა”. მათ შორის, ერთს – სააგენტოს უფროსის თანამდებობა ბოლო ერთი თვე ეკავა. პრემიერის ორივე ბრძანება 2016 წლის 8 აპრილს არის გამოცემული.

N105 ბრძანების მიხედვით, “დაინიშნოს ნოდარ კერესელიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად”. ხოლო N106 ბრძანების თანახმად, “დაინიშნოს ზურაბ ჩეკურაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად”.

მთავრობის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ერთსა და იმავე დღეს ორი სხვადასხვა პირის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებული ბრძანების ტექსტს ტექნიკური შეცდომით ხსნიან.

“მეტრონომთან” საუბარში მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელმა მანანა თოქმანჯიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ არის ბრძანების ნამდვილი ასლები, რადგან მას პრემიერის ხელმოწერა არ ახლავს თან.

“აქამდე იყო ასეთი პრაქტიკა, რომ ბრძანებები იდებოდა არა ორიგინალი ფორმით, დასკანერებული სახით, არამედ ეს ბრძანება ტექსტური სახით გადადიოდა Word-ში და იდებოდა ამგვარად. შესაბამისად, პასუხიმგებელმა პირმა, რომელმაც ატვირთა ორი ბრძანება დაუშვა შეცდომა და ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი დაურთო სხვადასხვა ბრძანებას. როგორც კი მიგვითითეს შეცდომაზე მაშინვე დავდეთ შესაბამისი ბრძანება.” – აცხადებს თოქმანჯიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე გამოაქვეყნა ჩასწორებული ბრძანება, რომ “გათავისუფლდეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან”. შესაბამისად, სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილია.

Screen-Shot-2016-04-21-at-11.21.36-AM

Screen-Shot-2016-04-21-at-11.21.54-AM

იტვირთბა....