ჟურნალისტი ეკა წივწივაძე, მისი გაუჩინარებული 27 წლის მეგობრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ დღეს კოჯორში აღმოჩენილი ცხედარი მის მეგობარს ეკუთვნის.
„დღეს ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს. აი ახლა ამ სიტყვებს ვწერ და ვერასდროს გადმოვცემ იმ განცდას რაც ამ სიტყვების გააზრებისას მომდის. მინდა მასზე დავწერო, მასზე მოგიყვეთ… წელიწადზე მეტია დაკარგულია – წელიწადზე მეტი დროა ველოდები რომ ცოცხალი გამოჩნდება. წელიწადზე მეტია ვფიქრობ დედას არ მოკლავდა და თვითონ არ გაიქცეოდა-თქო. წელიწადზე მეტია შიგადაშიგ ფეისბუქზე ვწერ, როგორ მინდა ცოცხალი იყო და გამოჩნდე-თქო. ბოლო პოსტი „დასიინულია“ არადა დღე მისი ცხედარი იპოვეს. ძარღვებში სისხლის გაყინვა ზუსტად არ ვიცი რა გრძნობაა – ალბათ უფრო მხატვრული გამოთქმაა, და თუ მხოლოდ მხატვრულად არ ამბობენ მაშინ სწორად ასე იყინება სისხლი, როგორც მე დამემართა ამ ინფორმაციის გაგებაზე. ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს, კოჯორში, კასრში, ცელეფონაში გახვეული, ზემოდან მჟავა მოსხმული, არადა ის სულ რაღაც 27 წლის იყო, ძალიან ჭკვიანი, მიზანდასახული და სხვა რომ არაფერი ის ჩემი მეგობარი იყო.
ერთმანეთი ახალგაზრდულ პარლამენტში გავიცანით, არადა ორივე დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და ერთმანეთს სამარშუტო ტაქსში ხშირად ვხვდებოდით. ის უკვე წინა მოწვევის დელეგატი იყო, მე დამწყები „პოლიტიკოსი“ სულ მეხმარებოდა, სულ ხელს მიწყობდა რაღაც პროექტი გამომსვლოდა, მერე მელოდებოდა და თბილისის ზღვაზე ხან ფეხით, ხან შემთხვევით გაჩერებული მანქანით, თუ გაგვიმართლებდა „მარშუტკით“ ავდიოდით სამ კილომეტრს. გზაში მილიონ გეგმას ვაწყობდით მომავალზე. მე სულ ჟურნალისტობა მინდოდა, მას ტურიზმის სფეროში ძალების მოსინჯვა. სახლში მისულები მერე ტელეფონზე ვაგრძელებდით საუბარს, სანამ ნატო დეიდა არ ჩაგვერთვებოდა. ისე ნატო დეიდას უფრო ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე ტელეფონზე, სადღაც ახლაც მესმის მისი ხმა. ყველა მისი სატელეფონო ზარი გუროთი იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. როგორც მთლიანად მისი ცხოვრება.
ერთი წლის წინ ნატო დეიდა საკუთარ სახლში სასტიკად მოკლული იპოვეს. გურამი მას შემდეგ დაკარგულია. სამართლებრივად პირველი ეჭვმიტანილი შვილი იყო, მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე ერთხელაც არ მიფიქრია რომ დედას მოკლავდა. ისინი სხვანაირი დედა-შვილი იყვნენ, განსხვავებული დედა-შვილობა ჰქონდათ. ალბათ კარგია რომ ახლა ნატო დეიდა მკვდარია და კოჯორში, კასრში ნაპოვნ ბიჭზე ცხედარზე, გვამზე, თუ რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, ამბავს არ იგებს.
ჩემი მეგობარის ცხედარი იპოვეს არადა ერთი წელია ველოდები რომ გამოჩნდებოდა, ახლა ვფიქრობ ვინ უნდა დაკრძალოს? ვერც მის საფლავზე მივალ, ალბათ არც სურათიანი ძეგლი ექნება…
თუმცა, უკვე მთელი საათია ჩემმა ტვინმა თუ გულმა „იქნებ“ მექანიზმი აამოქმედა. იქნებ ეს ცხედარი ჩემი მეგობრის არ არის, იქნებ ისევ ცოცხალია, იქნებ ქუჩაში სადღაც ისევ შემხვდეს, იქნებ, იქნებ, ჯანდაბას იქნებ…“ – წერს ეკა წივწივაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით კოჯორში 27 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მეზობლების ინფორმაციით, ცხედარი მიწიდან, 7 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს. ის კასრში იყო მოთავსებული და კვალის დაფარვის მიზნით მჟავა ჰქონდა მისხმული. თვითმხილველების თქმით, ცხედარი მჟავის გამო სულ დაფერფლილი იყო. როგორც ახლობლები ვარაუდობენ, მოკლული მამაკაცი 2014 წელს ყაჩაღობის ფატს უკავშირდება, რომლის შემდეგაც დედა-შვილი გაუჩინარდა.