ახალი ამბები

დეტალები: ვინ არის გურამ კვეზერელი და რა კავშირი აქვს კოჯორში, კასრში აღმოჩენილ გვამთან

 

„ცხედრის ამოსაცნობად ჯერ არავის დავუბარებივართ“, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებში მომხდარი შემთხვევის შედეგად გაუჩინარებული გურამ კვეზერელის ახლობელმა განუცხადა.

2014 წლის 16 დეკემბერს თბილისის ზღვაზე მდებარე კადეტთა კორპუსში, 49 წლის ნატო კვეზერელი მოკლული იპოვეს. მას საძილე არტერია გადაჭრილი ჰქონდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სამზარეულოში მოკლეს, მკვლელმა, შემდეგ გვამი სააბაზანოში შეიტანა. გარდაცვლილის შვილს, 27  წლის გურამ კვეზერელს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

გავცელებული ინფორმაციით, ასევე ცნობილია, რომ სახლიდან ძვირფასეულობა წაღებული არ არის, ამიტომ ყაჩაღობა სავარაუდოდ,  გამოირიცხა.

ოჯახის ახლობლის განმარტებით,           კონტაქტი ჰქონდა საქმის გამომძიებელთან, რომელმაც უთხრა, რომ უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებოდა და 2014 წელს მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე გარკვეულ სიახლეებს გააცნობდა.

„ახლა ქალაქიდან ვარ გასული. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, რომ ცხედარი ამოვიცნო. დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეულ სიახლეებს გამაცნობდა, თუმცა ჯერჯერობით ცხედრის ამოსაცნობად არავის დაურეკავს. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით არის თუ არა კოჯორში ნაპოვნი მამაკაცი გურამი“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

კოჯორში გუშინ ღამით სამართალდამცველებმა 27 წლის ბიჭის ცხედარი იპოვნეს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი კასრში იყო მოთავსებული და ისე იყო ჩამარხული მიწაში 7 მეტრის სიღრმეზე, გარდა ამისა,  მას კვალის დაფარვის მიზნით მჟავა ჰქონდა მისხმული.

მეზობლების ცნობით,სამართალდამცველები იმ სახლში, სადაც ცხედარი ნახეს, თავად დამნაშავემ მიიყვანა. ადგილობრივების ვარაუდით, საქმე 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარ ყაჩაღობას უკავშირდება.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთი სახლის ეზოში იყო ჩაფლული. მეზობლების ინფორმაციით, სახლის მეპატრონე 4 წლის წინ გარდაიცვალა. იქ კი მისი შვილი ირაკლი კაკაურიძე მეგობრებთან ერთად მიდიოდა. ისინი აცხადებენ, რომ გურამ კვეზერელს არ იცნობენ.

„კარგი ოჯახია. ოჯახის უფროსი 4 წლის წინ გარდაიცვალა. ხშირად ამოდიოდნენ და ვერაფერ ისეთს ვერ გეტყვით, რომ რაიმე საეჭვო შეგვენიშნოს ვერც ორი წლის წინ და ვერც ახლა. ვისთან ერთად ამოდიოდნენ არ ვიცი, მაგრამ ხანდახან ამოდიოდა მეგობრებთან ერთადაც. ხედავთ როგორი ეზოა, რამდენად დაბალი ღობეა და სრულებით შესაძლებელია, რომ ვინმე სხვა გადასულიყო და დაემარხა იქ ცხედარი“, – განაცხადა კოჯორში მცხოვრებმა მანანა გალუაშვილმა.

ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ მიწაში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი მთლიანად დაფერფლილი იყო.

„დაფერფლილი იყო მთლიანად. სავარაუდოდ ორი წლის წინ დამარხეს. ოჯახი, ვის სახლშიც ცხედარი აღმოაჩინეს ძალიან კარგი ოჯახია და არაფერ შუაშია ამასთან. თავად ირაკლი კაკაურიძეც იყო ამოსული ოჯახთან ერთად გუშინ და მას ბორკილები არ ედო. დამნაშავე სხვა პიროვნებაა“, – განაცხადა მინასაშვილმა.

იმ სახლის მეპატრონის ცოლი, რომლის ეზოშიც მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, აცხადებს, რომ ამ ამბავთან მათი ოჯახი კავშირში არ არის.

„ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ და საერთოდ არ ვიცნობთ არავის. გურამ კვეზერელის სახელი პირველად მესმის. როგორც ვიცი, არც ირაკლი იცნობდა ასეთ პიროვნებას. არც დამნაშავის ვინაობა ვიცით. ჩვენი ოჯახი ამასთან არავითარ კავშირში არ არის“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი კაკაურიძის მეუღლემ.

იხილეთ საქმის უახლესი დეტალები

იტვირთბა....