ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2016 წლის 20 აპრილს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე გაიმართება.
შესაბამისი დადგენილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 5 აპრილს დაიწყო და 14 აპრილს დასრულდა.
არჩევნების შედეგები არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.
პროცედურის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, რომლის შემადგენლობაში დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი შედის.
თუ არჩევნებში გამოვლინდება ორი ან მეტი კანდიდატი თანაბარი ხმების ოდენობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღეში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარებასა და საორგანიზაციო საკითხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს.