ახალი ამბები მთავარი სამართალი

„სისხლს დავღვრი, ვიომებ“: 14 წლის ბიჭის გახმაურებული მკვლელობის დეტალები

14 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალებზე, რომელიც სამი კვირის წინ ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში მოხდა, გაზეთი „პრაიმტაიმი“ მოზარდის დედას, დეიდასა და ნათლიას ესაუბრა. მათი განცხადებით მოზარდის მკვლელობა გოგონას უკავშირდება.

გამოცემასთან ინტერვიუში მოზარდის დედა ყვება:

„ჩემი შვილის ძმაკაცს დათოს თუ მის უფროს ძმას ჰყვარებია იქვე, სადარბაზოში, ერთი გოგო, ნათია და იმ ბიჭს, ვისაც კასტეტი ეკეთა და ვინც ჩემი ბიჭი მოკლა, ანუ ზურას, ეს გოგო ჰყვარებია. ამ დათომ კი ჩემი ბიჭი ჩართო საქმეში, მე მიყვარს ის გოგო და ზურა კი ჩემს გოგოს ავიწროებსო. ანრი მისულა იმ ზურასთან, თავი დაანებე ამ გოგოს, არ უყვარხარო. ჩემს ძმაკაცს და ნათიას ერთმანეთი უყვართო. ჩემი ბიჭი თურმე ასე დალაპარაკებია და მერე წამოსულა სახლში.

შემდეგ, პარასკევს დღეს, ეს კასტეტიანი ბიჭი ზურა და ჩემი ბიჭის  კლასელი ლაპარაკობდნენ. ამ ზურას კი უთქვამს, ის გუშინ მოვიდა გოგოს თემაზე ჩემთანო, მე კიდევ დავარტყი და დედა შევაგინეო. ამას ეუბნება ის ბიჭი ჩემი ბიჭის კლასელს. მასთან მისულა ეს კლასელი და შენზე იმ ზურამ ასეთი რაღაც თქვაო, დავარტყი და დედა შევაგინეო. მერე ჩემმა ბიჭმა იმ ზურას ფეისბუქზე მისწერა: შენ, ბიჭო, დედა ვის შეაგინეო, მართლა შენი დედა ასე ვქენიო. ჩემს ბიჭსაც შეუგინებია, მე არასწორად რატომ შემაგინეო, რაც არ ყოფილა, რატომ თქვი ის ჩემს კლასელთანო. და ამ ბიჭმა ჩემს ბიჭს შეხვედრა დაუთქვა სკოლაში, პარასკევს, არ შეხვედრია.

მერე იმ საღამოს, 26 მარტს, 5-ის წუთებზე ჩემი ბიჭი მეზობელთან იყო შესული, იქ კომპიუტერზე თამაშობდა. შემდეგ შემოვიდა იქიდან სახლში. პატარა ბავშვს საჭმელს ვაჭმევდი, ზუსტად მახსოვს ეს ყველაფერი, არასდროს დამავიწყდება, ჩემში არ წაიშლება. შემოვიდა და ვკითხე, – საჭმელი არ გშია, დედიკო, მთელი დღე კომპიუტერთან ზიხარ და მოგშივდებოდა-მეთქი. კაი, დედიკო, მშიაო. ვაჭამე საჭმელი, მივიდა კომპიუტერთან და ზუსტად იქ მოუწერია იმ თავის ძმაკაცს. მოწერის საათები და ბავშვის გასვლის საათები პოლიციამ ზუსტად დააფიქსირა.

რეალურად ის ჩარიეს მისმა ძმაკაცმა და ძმაკაცის ძმამ, იმ კასტეტიან ზურას თვითონ ვერ მოერივნენ და ამიტომ ჩემი შვილი გამოიყენეს.

ის ზურა ძალიან ცუდად იყო გაზრდილი, მთელ უბანს აწიოკებდა, მამამისი ასე ეუბნებოდა, მამი, სახლში ნაცემი არ მოხვიდე, მოკალი და ისე მოდი ჩემთანო. ამას ჩემს შვილზე კი არა, ყველაზე ასე ეუბნებოდა. პირველ სართულზე ცხოვრობს ჩემი მეზობელი, იმან თქვა, შარშან ჩემს ბიჭს ჩაარტყა ფილტვებშიო და სუნთქვა შეუკავაო. რამდენჯერმე ხელებიდან გამოვტაცე ჩემი შვილიო.

იქ, ასევე, იყო მესამე ბიჭი, ბექა. ზურას მეგობარია ეს, მისნაირი უზრდელი, გურიიდან გამოქცეული, სოფელში ვერ ჩადიოდა. ესეც იქ იყო და ურტყამდა ჩემს შვილს.

მე ამ ამბების მერე ეზოში შევკრიბე ბავშვები და ყველაფერი მოვაყოლინე. ერთმა ბიჭმა მითხრა, ეს ჩემი ბიჭის ძმაკაცი დათო, ზურა და ბექა შეკრებილები იყვნენ ეზოშიო. ტყუპ ცხრიანებში ვცხოვრობთ ჩვენ და კორპუსებს შორის ვიწრო გასასვლელია. იქ ყოფილან შეკრებილები. იქ იმალებოდნენ. 4-ის წუთები იყო, როცა ჩემი ბიჭის ეზოში ჩაყვანას გეგმავდნენ. ბავშვებმა მითხრეს ეს ყველაფერი“,- ყვება გარდაცვლილი მოზარდის დედა.

მისივე თქმით, მისი შვილის ძმაკაცისა და მისი ძმის მამა საკუთარ შვილებს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. თუმცა, ეს ოჯახი გოგიტიძეებთან კონტაქტზე ამ დრომდე არ გასულა. მათი სახლის კარი დაკეტილია და არავინ იცის, სად იმყოფებიან.

„მე უნდა შევცვალო კანონი, 13 წლის ბავშვს შეუძლია, 20 კაცი მოკლას და ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს. ეს როგორ შეიძლება. ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ მომავალ თაობას. ეს ისეთი ასაკია, კიდევ მოკლავს მაგი ვიღაცას. სისხლს დავღვრი და ბოლომდე ვიომებ. ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას. არ გავჩერდები, სანამ ეგენი ციხეში არ მოხვდებიან“, – აცხადებს ნანა მსხალაძე.

იტვირთბა....