სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მეორე სამმართველოს პირველი განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი წეველიძის ჩვენების მიხედვით, „4 ოქტომბერს, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შემდეგ, მათ პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარი შეძლებისდაგვარად გაამაგრეს და ურდულები დაადეს“
“აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ღობის ჯანჯღარი და რყევა დაიწყეს. უშვერი სიტყვებით გვაგინებდნენ, ვისთან ხართ, ვის იცავთო. ჯანჯღარის შედეგად ღობე მოირყა….
სიტყვიერი გაფრთხილება დავიწყეთ, რომ კანონს არღვევდნენ, დაიწყეს შემოჭრა, ფიზიკური ძალადობა, ფეხების და ხელების დარტყმა, ხალხის დიდი ნაწილი გადმოვიდა. ერთს სახეზე ნიღაბი ეკეთა, თავზე ჩაფხუტი ეფარა, ჩაფხუტი თავის არეში მომიქნია, ავიცილე და მომხვდა ბეჭებში, განვიცადე ტკივილი.
ძალადობიდან ალბათ, მაქსიმუმ წუთში შსს-ს ქვედანაყოფი გამოვიდა. მათ პროპორციული ზომები მიიღეს, აქციის მონაწილეების ნაწილმა უკან დაიხია და გადავიდნენ ეზოდან, თუმცა, მათ მეორე ნაწილი და ე.წ. ორგანიზატორები შემოუერთდნენ შეძახილებით – „სასახლე ჩვენია, უკან არ ვიხევთ“.
თავიდან ეზოს გარეთ იყვნენ და ამ მოწოდებების შემდეგ შემოვიდნენ მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძის შემოსვლა არ მახსოვს, მაგრამ შემოსული რომ იყო, მახსოვს.
ნადირაძემ და ზოდელავამ ხელი გადახვიეს ერთმანეთს, შინაარსი იყო ასეთი – უკან არ ვიხევთო. ბურჭულაძე დავინახე, რომ სპეცრაზმელებს ესაუბრებოდა, რომ უკან დაეხიათ, რომ სასახლე მათ და ხალხს ეკუთვნოდა…
ხალხის მასა ძალადობრივ ქმედებებს არ წყვეტდა, ამის შემდეგ შსს-ს ქვედანაყოფები დაემატნენ, წიწაკის სპრეი იყო გაშვებული, მაინც არ წყვეტდნენ ძალადობრივ ქმედებებს და სასახლის ტერიტორიიდან გასვლას, რის შემდეგაც წყლის ჭავლი გამოიყენეს.
პირველ ეტაპზე 15-20 კაცამდე იყო, როცა ღობე მოარღვიეს და შემოიჭრნენ, შემდეგ უკვე ნაკადი არ ჩერდებოდა“, – განაცხადა წეველიძემ.

