აქტუალური თემა ახალი ამბები განათლება მთავარი პოლიტიკა ციტატა

“განათლების მინისტრთან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი, აკადემიური წრეებიდან ელოდება შენიშვნებს, კონცეფციაზე მოსაზრებებს, შემდეგ ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას” – დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია, განათლების მინისტრი მოისმენს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების აზრს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.

„მინისტრთან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი, ის ელოდება აკადემიური წრეებიდან შენიშვნებს, აზრებს, კონცეფციაზე საუბარს. შემდეგ ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ჩვენს აკადემიური წრეს, პროფესორებს, მასწავლებლებს სამი ვარიანტი შესთავაზა განსახილველად. ვთქვი, რომ იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. როგორც ვიცი, ჩვენს კოლეგებს აქვთ თავიანთი მოსაზრებები. მინისტრთან მე ვისაუბრე, განიხილავს და შემდეგ შევჯერდებით. შეხვედრა გაიმართება, რათა მინისტრმა მოისმინოს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აზრი, შემდეგ შეჯერდეს და მოახსენოს პრემიერ-მინისტრს“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ტექნიკურ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, დავით გურგენიძის თქმით, ნამდვილად უნდა გაძლიერდეს ტექნიკური, ტექნოლოგიური განათლება საქართველოში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, აწმყო და ვფიქრობ, კიდევ უფრო კარგი მომავალი ექნება. ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და რაც მეტი ინჟინერი და ტექნოლოგი გვეყოლება, ძალიან კარგი იქნება. უკეთესი გვინდა, ყველა რეფორმა საჭიროა იმისთვის, რომ არათუ 2 250 ლარი იყოს გრანტი, არამედ მეტი ინვესტიცია იყოს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს, ბევრი ინჟინერი გამოვუშვათ, ნიკო ნიკოლაძის ოცნებაც ეს იყო. მე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩეული რექტორი, მოვისმენ ყველა მოსაზრებას და საბოლოოდ მოგახსენებთ ჩემს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ხვალ, 6 თებერვალს გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრის ფარგლებში თსუ-ს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები შედგება.

შეგახსენებთ, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება. მისივე განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – „საბჭო“ და დაინიშნებიან რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ. როგორც აღინიშნა, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.

იტვირთბა....