”აუდიტორია 115” განცხადებას ავრცელებს, სადაც ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მათ წევრებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს აღნიშნავს.
როგორც სტუდენტების განცხადებაშია ნათქვამი, “აუდიტორია 115”-ის წევრებზე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო:
“აუდიტორია 115”-ის ცნობით, ყოველდღიურად მიდიან აქტივისტების ოჯახის წევრებთან, რომელთაც აშინებენ – იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის წევრები არ დაანებებენ თავს აქტიურ ბრძოლას ოდეერების წინააღმდეგ, მათი ახლობლები გათავისუფლებიან სამსახურიდან, ან მათ დაიჭერენ.
მუქარის გამო, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი აქტივისტი ღიად ვერ საუბრობს აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ. მაგალითად, დღეს ნათია ქარჩილაძის ოჯახზე განხორციელდა მუქარა, რომ თუ ის არ ჩამოშორდება ”აუდიტორია 115”-ს, მაშინ მამამისი გათავისუფლდება სამსახურიდან. მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დაცვა. ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, არსებობას განაგრძობს დღესაც. ”აუდიტორია 115” იწყებს ბრძოლას პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენ ვიბრვით თავისუფალი საზოგადოებისთვის! ჩვენ არ გვეშინია!”, – აღნიშნულია “აუდიტორია 115”-ის მიერ გუშინ ღამით გავრცელებულ განცხადებაში.