ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრამპის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამჟამად რუსეთში მიემგზავრებიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამჟამად რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება განიხილონ.

„ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, მან უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით „პოზიტიური გზავნილები“ მიიღო, თუმცა, როგორც აღნიშნა, ეს გზავნილები არაფერს ნიშნავს, რადგან სიტუაცია ძალიან სერიოზულია.

„იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის მიღებას. თუ ამას გავაკეთებთ, ვფიქრობ, ეს ამ საშინელი სისხლის ღვრის დასრულების გზის 80% იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ოვალურ ოფისში მედიასთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთი თუ ომის გაგრძელებას აირჩევს, ამან შესაძლოა, მოსკოვისთვის „გამანადგურებელი“ ფინანსური ზომები მოჰყვეს.

„ეს იქნება ძალიან ცუდი რუსეთისთვის. მე არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მშვიდობის მიღწევა მსურს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უახლოვდებიან იმ ეტაპს, როდესაც შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებით რამე გაკეთდეს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოდესღაც „რთულმა“ უკრაინულმა მხარემ თავისი მოსაზრება შეიცვალა.

„მე მყავდა ერთი პიროვნება, რომელსაც, როგორც ჩანდა, არ სურდა მშვიდობა. ახლა ის დათანხმდა მშვიდობას“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ განიხილეს მიწის საკითხი.

ცნობისთვის, რომ ქალაქ ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინა დათანხმდა აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის 30 დღით შეწყვეტასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....