ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკონომიკის სამინისტრო: ლადო პაპავას განცხადება სიცრუეა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თსუ-ის რექტორ ვლადიმერ პაპავას სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, უწყება ”იძულებულია, პასუხი გასცეს თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორის, ვლადიმერ პაპავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

”უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას ბატონი პაპავა ამბობს – „ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც შეიტყო, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა, რომელსაც ჩინოვნიკები ლობირებდნენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ”ქართული ოცნების” მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა. ვერც იმას დავიჯერებდი, რომ კონკრეტულ ბიზნესს ამ მასშტაბის მხარდაჭერა ექნებოდა“. თავიდანვე ვაცხადებთ, რომ ეს არის ყოვლად უაპელაციო განცხადება, რომელშიც ფაქტობრივად, არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო კონკრეტულად კი, ვლადიმერ პაპავას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამბობს, რომ გაზგასამართი სადგურის აშენება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იგეგმებოდა. ეს ტერიტორია, უფრო ზუსტად კი 2000 კვ.მ. არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.026) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი არ ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არც რაიმე ტიპის სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული უნივერსიტეტს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება გასხვისდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში! ამასთან, ქონება გასხვისდა როგორც არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ პროცესში გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, ჩვენ მაშინვე დეტალურად განვმარტეთ საქმის არსი, რის შესახებაც ინფორმირებული იყო ვლადიმერ პაპავა. დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი ასევე შესანიშნავად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესის ლობირების, არამედ ზოგადად ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობის და ინვესტიციის განხორციელების მიზნით. სამინისტრო ამავე პოლიტიკით ხელმძღვანელობს მსგავს სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად ინვესტორმა გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე უარი განაცხადა. ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე შენდება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელშიც საბოლოოდ 4 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ეკონომიკის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ბოლო წლებში განსაკუთრებით ზრუნავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაზე.

”სამინისტრომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – 2012-2016 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით 13 სახელმწიფო ქონება გადასცა. სამწუხაროა, რომ თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორი, ვლადიმერ პაპავა ნებსით თუ უნებლიედ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და შეცდომაში შეყავს საზოგადოება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....