ნიშანდობლივია, რომ რეჟიმი განათლებას ეხება, აქამდე ფიზიკურად ეხებოდა, ახლა კი პირდაპირ შეტევას აწარმოებს – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების რეფორმის საჯარო განხილვისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“განათლება არის საზოგადოების ხერხემალი და საზოგადოებას, რომელსაც განათლება არ აქვს, არის მონების საზოგადოება, საზოგადოებაც არ ეწოდება მათ. მონების შეკრებაა, თუ არ არსებობს განათლება. ნიშანდობლივია, რომ რეჟიმი განათლებას ეხება, რადგან აქამდე რეჟიმი საზოგადოებას მხოლოდ ფიზიკურად ეხებოდა – რეპრესიული კანონები, დაჭერები, ციხე, მოწამვლა – ეს ფიზიკური ძალადობაა, ეს მცდელობაა იმისა, რომ საზოგადოების ქმედებები შეიზღუდოს. მაგრამ ამ კუთხით რეჟიმმა ვერ მიაღწია იმას, რომ საზოგადოება დაემონებინა და პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, რეჟიმს აწუხებს.
ეს არის პირდაპირი შეტევა საქართველოზე, ასევე სულიერი შეტევა იმის მიმართ, რაც ჩვენთვის არის არსებითი. ყველა ნორმალური ხელისუფლება განათლებაზე ზრუნავს და ამაში დიდი თანხები იხარჯება, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი როგორიც საქართველოსთვის არის განათლება იშვიათია სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენი ისტორია განათლებაზე დგას. წმინდა ნინო რომელმაც განგვანათლა, ასურელი მამები, ჩვენთან იყო იყალთო და გელათი. ეს ყველაფერი ჩვენი კულტურისა და იდენტობისგან განუყოფელია. განათლებაზე შეტევა, შეტევაა ჩვენს სულზე იდენტობასა და ქართველობაზე. ჩვენთვის განათლება მჭიდროდ დაკავშირებულია დამოუკიდებლობასთან. არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა, დამოუკიდებლობამდე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ. სწორედ ამ უნივერსიტეტში იცავდნენ განათლებასა და დამოუკიდებელ აზრს. შესაძლოა ქვეყნის დამოუკიდებლობას ვეღარ იცავდნენ 1921 წლის შემდეგ, ჯავახიშვილმა სტუდენტები იუნკრებთან ერთად საბრძოლველად გაუშვა, რომლის უნივერსიტეტსაც დღეს ეხებიან.
ჩვენთვის განათლება დამოკიდებული და შერწყმულია თავისუფლებასთან. ჩვენი განათლებული საზოგადოება გახსნილი იყო მსოფლიოში და მათთან ერთად ვითარდებოდა. ამიტომ იყო ქართული და ევროპული კულტურა ახლოს, რადგან კედელი არასდროს არ გვაშორებდა ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის ირანი როდესაც ცივილიზებული იყო მათთან ერთადაც ვიზრდებოდით.
ჩაკეტილი განათლება დიდი ხანი ვერ იარსებებს. ამ მავნებლობის მიზანია, რომ ჩამოგვაშოროს გარე სამყაროსთან, რომ ჩაკეტილები დავრჩეთ. წარმოუდგენელია, როცა ქვეყნის მეთაურები თავიანთი ქვეყნის უნივერსიტეტებს ამ ფორმით დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. უნივერსიტეტების გაერთიანებაც აბუჩად აგდებაა. როდესაც ხელოვნური ინტელექტი ასეთი სისწრაფით შემოდის და ის ქვეყნები, რომლებიც ამის გარეთ დარჩებიან კოლონია გახდებიან. დავრჩებით პატარა ჩაკეტილი პროვინცია, კონფორმისტული ცოდნით. ასევე, დაბრუნდება მაღალი დონის კორუფცია. ამ დროს კი, ის ორი მთავარი პირი, რომლებიც ამ რეფორმაზე გვესაუბრებიან – შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე, მათ რატომღაც განათლება გერმანიაში აქვთ მიღებული. მათი და ფსევდო ელიტის შვილები სწავლობენ ევროპაში, ეს კი რეფორმის ამოქმედებიდან შეუძლებელი გახდება.
ცალ-ცალკე მიადგებიან სხვადასხვა სფეროს და დარგს. კერძო უნივერსიტეტებს დღეს რომ ჰგონიათ, რომ გადარჩნენ – ვერ გადარჩებიან. ჩვენ გაჩუმებას მივეჩვიეთ, ყველას უაზრო იმედი აქვს, რომ თავად გადარჩება და თავის ადგილს, შემოსავალსა და პატარა თავისუფლებას შეინარჩუნებს, მაგრამ ეს ყველას შეეხება“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

