2016 იუნესკომ რუსთაველის წლად გამოაცხადა. კარგი იქნებოდა განათლების სამინისტროს გადაეხედა სკოლაში რუსთაველის სწავლების მეთოლოგიისთვის, – ამის შესახებ კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა სოციალურ ქსელში წერს.
„2016 იუნესკომ რუსთაველის წლად გამოაცხადა. კარგი იქნებოდა განათლების სამინისტროს გადაეხედა სკოლაში რუსთაველის სწავლების მეთოლოგიისთვის, რომ ბავშვებმა საზეპიროების დაძალებით და არაფრისმთქმელი თემების წერით ეს ნამდვილი განძი ქართული ლიტერატურისა არ შეიძულონ, როგორც ეს მოსწავლეთა არაერთ თაობას მოსვლია “ვეფხისტყაოსნის” სწავლების დანერგილი წესის გამო.
მაგალითისთვის გამოდგება შექსპირის სწავლების აპრობირებული პრაქტიკა, რასაც დიდ ბრიტანეთში იყენებს საგანმანათლებლო სისტემა. იქ, შექსპირისეული ინგლისური ადაპტირებულია თანამედროვე, გასაგებ ენაზე და ყველა მარგალიტი მისი ნაწარმოებებისა გამოტანილია და ახსნილი განცალკევებით, რომ მათში ჩადებული ფილოსოფიური თუ სხვაგვარი აზრი მარტივად დასანახი და ასათვისებელი გახდეს.
დარწმუნებული ვარ, რუსთველოლოგთა და სამინისტროს კომპეტენტურ სპეციალისტთა თანამშრომლობას მაგვარი მეთოდის შექმნა ძალიან არ უნდა გაუჭირდეთ, მეტადრე როდესაც ეს უკიდურესად საჭიროა – რუსთაველის ნაწარმოების უამრავ, უთვლელ პრაქტიკულ სიბრძნეს შეიცავს, რომელიც დღევანდელი საქართველოს მოქალაქისთვის ნამდვილად არაა უსარგებლო.“ – წერს ნიკა რურუა.