“ქართული ოცნების” მიზანია განსხვავებული აზრის ჩახშობა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინება – ასე ეხმაურება ანიტა ჰიპერი ტროტუარზე დგომის გამო ხალხის პატიმრობაში გაშვებას.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს-სპიკერი ივანიშვილის პარტიას პირდაპირ ეუბნება ,რომ მათი ქმედებები გამოხატვის თავისუფლებისთვის ძირის გამომთხრელია და პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ყველა პრინციპს.
ჰიპერს კითხვა “ევროსკოპის რედაქტორმა” თამარ ნუცუბიძემ დაუსვა – “მიუხედავად მრავალი რეკომენდაციისა და განცხადებისა, რომლებიც „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე დააბრუნონ, დღეს უკვე გვყავს პირველი დემონსტრანტები, ვინც ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს ტროტუარზე გამართული პროტესტის გამო. როგორ აფასებთ ასეთ ვითარებას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში”?
“ის, რასაც თქვენ მიუთითებთ, სამწუხაროდ, იზოლირებული შემთხვევა არ არის. ეს არის ქართული ოცნების სისტემური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, რომლის მიზანია საქართველოში ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინება.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია: ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას და კანონის უზენაესობას, და ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების არსთან”, – განაცხადა ჰიპერმა.

