ბლოგები მთავარი საზოგადოება

იესო… ნახევარი ლეგენდა, ნახევარი რეალობა – ადამიანი კოსმოსიდან

იესო ქრისტე… და მისტერია, რომელმაც ერთი, ღვთიურობით სავსე ადამიანი, რელიგიურობისადმი კუთვნილების მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვან თუ არა, ყველაზე წინმიმავალი ხალხების ღმერთი… ძე ღვთისა.

სასწაულების გვჯერა და ველით… გვინდა გამოვიცნოთ და ვცნობთ იქ, სადაც მსგავს მარცვლებს ძალაუფალი შემოგვაჩეჩებს და დაგვიყრის.
კი, იყო ადამიანი, რომელმაც სამყაროს, სრულყოფილების, ერთიანობის, სიყვარულის… ღმერთის შესახებ მოუყვა ადამიანებს და ამის გამო მოკლეს, მაგრამ… ადამიანი, როგორც ქმნადობის მიერ ქმნილების გამოცდა, არ საჭიროებს ირეალურობებს! სასწაულის პოვნა აქვს დავალებული იმ არსებას, რომელსაც ადამიანი ჰქვია და ძებნის სივრცეც მხოლოდ მის შიგნით არის განლაგებული. კი ბატონო, როგორც კანტი ამტკიცებდა, ზღაპრული სიმბოლოები ყველაზე მეტად რეალური სიმბოლოებია და ისინი სრულად რეალიზებადნი არიან, მაგრამ საიდუმლოებას, ზღაპრულობას, გარკვეული ვადის შემდეგ ვაღწევთ და ამაშია ცხოვრების აზრი, არსი და ინტერესი… გაცოცხლებული ადამიანი, მიუხედავად მაშინდელი კავშირის დაბალი დონისა,  მთელ პლანეტას გააქრისტიანებდა!
ქრისტემ ბუდას, ჰერაკლიტეს, სოკრატეს და მათ მსგავსთა სიბრძნე გამოიყენა, რათა სამყარო ეთარგმნა და ეს უკეთესად გამოუვიდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად და საუკეთესო მეგობრის კაცობრიობის მიერ მოღალატედ შერაცხვის ფასად, თუმცა იდეის სანაცვლოდ!
იესო, დურგალი ნაზარეთიდან, მოკვდა… მოკვდა ისევე, როგორც ყველანი ვკვდებით. თუმცა მისტერია, რომელიც უკან მოიტოვა, უკვდავებას გასაგებს და შესაბამისად მისაწვდომს ხდის. იესოს აღდგომა, ისევე როგორც იუდას ღალატი, უღვთისნიერესი ადამიანის, იესო ნაზარეთელის გეგმა იყო და უცნაურია იმის ვერ გაგება, რომ იუდას ხეზე ჩამოკიდებული სხეული მის ერთგულებით სავსე სინანულზე მეტყველებს… შესრულებული მისიის გამო სინანულზე… ჩადენილის გამო სულიერ ტკივილზე მეტყველებს და არამც და არამც ღალატზე. ოცდაათი ვერცხლის გამო მეგობრისა და მასწავლებლის გამყიდველი იმ მიდამოებს იმავე დღეს განერიდებოდა.

ღმერთი შენ ხარ ადამიანო!.. ღმერთი მე ვარ… ეს ბაჭიაც ღმერთია, თავისი ღმერთზე მცირე წარმოდგენით, მაგრამ ჩვენ ყველანი ვკვდებით, აღუდგომლად… იესომ სიყვარული გვასწავლა ამ “ხრიკით” და ბარბაროსობისა და სისხლისმსმელობის ხანიდან მეტ-ნაკლებ ჰუმანურობაში შემოგვიძღვა… თუმცა შუასაუკუნეების ევროპა ამას ყოველდღიურად ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგებოდა ქრისტეს სახელით… ძალადობდა იმ ადამიანის დროშის ქვეშ, ვინც თავი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირა.
ქრისტე არ აღმდგარა… ის მოკვდა, როგორც იდეისთვის თავგანწირული გმირი, რომელიც სამყაროს, ღმერთს უფრო ახლოს იცნობდა, ვიდრე საკუთარ ან სხვის ადამიანურობას.
ქრისტე, რასაკვირველია ღმერთის ძე იყო, ოღონდ ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ვართ ყველანი სამყაროს ბავშვები… ქრისტემ ეს გაიხსენა და მოგვიყვა. მე და თქვენ, ჩვენს უმრავლესობას, ეს უბრალოდ არ ახსოვს.

ბუდა მარადისობის შესახებ, ჰერაკლიტე იგივეს თაობაზე, სოკრატე სამართლიანობის გარშემო… ეს ადამიანები ხო ქრისტეს სტატუსს ფლობდნენ?! ხო ღმერთკაცები იყვნენ ესენიც?! ბოლო ორმა თავი გაწირა იდეისთვის,  თუმცა მისტერიის ხარისხით იესოს სიკვდილს ჩამოუვარდებოდა ორივეს სიკვდილი… ერთი, დაუძლურებული, შიმშილისგან მოკვდა, მეორე გაასამართლეს და მოკლეს.
იესომ, ნაზარეთიდან, იდეას სიცოცხლე ისე შთამბეჭდავად შესწირა, რომ კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილის გულები დაიპყრო… თუმცა ისიც ისეთივე ძე იყო ღვთისა, როგორც იგივე ბუდა, ჰერაკლიტე ან სოკრატე. იესომ ფარდის მიღმა გადაიხედა და ამის ჩვენთვის მოყოლას თავისი, და თავისი ყველაზე ერთგული მეგობრის, სიცოცხლე მიუძღვნა.

ასე რომ “ქრისტე აღდგა!” არ არის ფაქტის გამომხატველი გამოთქმა… თუმცა სრულიად დამსახურებულად ეკუთვნის კაცს, რომელიც ამისთვის ჯვარს ეცვა და სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვას, სიკვდილის, როგორც გაუჩინარებისა და საბოლოო მოსპობის მითიურობას ხაზი გადაუსვა სწორედ საკუთარი მითიური გაცოცხლებით.
იესო ნაზარეთიდან უგენიოსესია გენიოსებს შორის… ყველაზე დიადი, ვისაც ადამიანის სხეულში სამყაროს სხეული უგრძვნია.

იუდას კი ნუ გაკიცხავთ… ის ყველაზე უსამართლოდ დადანაშაულებული ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში… ის ქრისტეს ტოლი და სწორი გმირია.

ვასო შონია

 

იტვირთბა....