ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი როგორც პრორუსული ძალების ცენტრი და სადღობელაშვილის პასუხი

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრორუსული ძალების მომძლავრებაში პასუხიმგებლობას ყოფილ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს.

ზურაბიშვილის განცხადებით ღარიბაშვილის დროს ძალიან ბევრი ნეგატიური პროცესი დაიწყო, რის გამოც აუცილებელი გახდა კოალიციის რეფორმირების პროცესი.

ზურაბიშვილის განცხადებით სრულიად შავრაზმული პრორუსული ტიპის ძალების მომძლავრება საქართველოში გარკვეულ წილად მოხდა იმიტომაც, რომ ამ ძალებისთვის ღარიბაშვილი იყო ერთგვარი ცენტრი.

“შავრაზმული, პრორუსული ტიპის ძალების მომძლავრება საქართველოში გარკვეულწილად იმის გამო მოხდა, რომ ამ ძალებისთვის პრემიერ ღარიბაშვილი იყო ერთგვარი ცენტრი, დაწყებული სადღობელაშვილიდან დამთავრებული რეზო ამაშუკელით.“- აცხადებს ზურაბიშვილი.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის მხრიდან ეს ერთ-ერთი პირველი ღია კრიტიკაა მას შემდეგ, რაც პარტიამ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

“მეტრონომთან” საუბარში ზურაბიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მაშინაც საუბრობდა, როდესაც სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა.

“მაშინაც გვისაუბრია შესაბამის ფორმატში და საერთოდ ამ საკითხის გაშალა აქტუალური აღარ მგონია, რადგან ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. მე არ მითქვამს, რომ დასაყრდენი იყო, ვთქვი, რომ იყო ერთგვარი ორიენტირი. მასზე ამყარებდა ეს ხალხი იმედებს. მნიშვნელოვანი იყო რეფორმები კოალიციაში”. -აცხადებს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის განცხადებას  ერთ-ერთი ადრესატი “თავისუფალი თაობის” დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი ეხმაურება.

“მეტრონომთან” საუბრისას სადღობელაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილს კონფრონტაციული პოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, მისთვის ყოფილ პრემიერს ახლანდელთან შედარებით მეტად მისაღებს ხდიდა. რაც შეეხება პრორუსულობას “თავისუფალი თაობის” ლიდერი აცხადებს, რომ ის ქვეყნის მიერ დეკლარირებულ კურს უჭერს მხარს.

“ღარიბაშვილის მმართველობის დროს დამსახურებული ზეწოლა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. გავიხსენოთ რა იყო მოსახლეობის დაკვეთა როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოდიოდა. ამჟამინდელი ხელისუფლების მთავრი დაკვეთა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სპექტრიდან ჩამოშორება გახლდათ. ამიტომ ავირჩიე  “ქართული ოცნება”. დღევანდელი პრემიერის პირობებში არ ხდება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მსგავსი პოლიტიკის გაგრძელბა. ზურაბიშვილს  შეუძლია  მიწოდოს  ღარიბაშვილის გულშემატკივარი, ცენტრი. არაადეკვატური პიროვნებაა, რომელმაც თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო გიგა ბოკერიასთან, ლევან რამიშვილთან, თინა ხიდაშელთან ერთად და განაგრძო  კაგებეს სტაჟიან აგენტ ძმებ ბერძენიშვილებთან ერთად. შეურაცხმყოფელია ზურაბიშვილის მხრიდან მსგავსი არაადეკვატური განცხადებები ჩემს მიმართ. ამასთანავე, მან კარგად იცის, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა, დასრულდა იმიტომ, რომ “რესპუბლიკური პარტია” გამოვიდა კოალიციიდან და მას მომავალი არ უჩანს. შესაბამისად მისი არაადეკვატური განცხადებები ჩემთვის გასაგებია.

ამ განცხადებების სანაცვლოდ, კარგი იქნება თუ ბატონი ზურაბიშვილი დაინტერესდება საბურთალოს პრობლემებით. ორი წლის განმავლობაში მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბიშვილს ერთი საქმეც არ გაუკეთებია.

მინდა აღვნიშნო, რომ იმ დროს როცა  ზურაბიშვილი მმართველ კოალიციას წარმოადგენდა ღიად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება ჩემს პრორუსულობას, ნახეთ როგორ არალოგიკურ განცხადებებს აკეთებს ზურაბიშვილი. დავუშვათ მე ვარ პრორუსული ძალა, რატომ დავეყრდნობი იმ ადამიანს და იმ ადამიანს რატომ მოვიაზრებ პოლიტიკურ ცენტრად, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. ჩემთან მიმართებით რუსეთის ხსენება ალოგიკურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა  “ნაციონალური მოძრაობის” დროს 2011 წელს მომიწია ქვეყნის დატოვება, წავედი არა რუსეთში არამედ, თავი  საფრანგეთს შევაფარე. ჩემი ორგანიზაცია მხარს უჭერს ევროინტეგრაციას”. -აცხადებს სადღობელაშვილი.

 

იტვირთბა....