„ყოველ სხდომაზე უმცირესობა ცდილობს ბიურო მათ დაეთმოთ და იქნებ ბატონო გია, დამამშვიდებელი დალიოთ და დამშვიდდეთ,“ – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრ, გიორგი ბარამიძეს.
ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დღეს, საპარლამენტო უმცირესობამ სხდომაზე ისევ დააყენა პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მისვლის საკითხი. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია პარლამენტში მივიდეს. აღნიშნული საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა.
„რადგან ის უკვე მერამდენე სხდომაა პარლამენტში არ მოდის, ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს“- განაცხადა სხდომაზე გიორგი ბარამიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ, მანანა კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ყოველი ბიუროს სხდომა მათ დაეთმოთ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინაც დაუპირისპირდნენ.