რატომ ახერხებს ერთი ადამიანი შემოსავლის ისე განაწილებას, რომ თავისუფალი ფულიც დარჩეს, მაშინ როცა მეორე ადამიანი, იმავე შემოსავლის პირობებში, თვიდან თვემდე ვალებს იღებს? საბანკო პროდუქტების ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს წევრი, ანი ალიბეგაშვილი, „მეტრონომის“ მკითხველს ექსკლუზიურად აწვდის რჩევებს, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს ყოველთვიური ბიუჯეტი, რომ თქვენმა ხარჯებმა შემოსავალს არ გადააჭარბოს.
„მეტრონომი“: უნდა ჩამოწეროს თუ არა თვის განმავლობაში მიმდინარე ხარჯები მომხმარებელმა?
ანი ალიბეგაშვილი: ფინანსების სწორად მართვა ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს, მიუხედავად იმისა, თუ რა არის შემოსავალი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ხარჯების წილი (ანუ, აუცილებელი ხარჯი თვის განმავლობაში) და თავისუფალი ფულის წილი (ფული, რომელიც ყველა ხარჯის გასტუმრების შემდეგ რჩება). აუცილებლად, სწორად უნდა დაიგეგმოს სესხებზე მისამართი თანხების ოდენობა-ეს ეხება როგორც საბანკო, ასევე პირად სესხს.
–კონკრეტულად უნდა ჩამოწეროს თვის განმავლობაში არსებული ხარჯები?
-თავდაპირველად ეს აუცილებელიც კია. კომპიუტერში, სატელეფონო აპლიკაციაში თუ უბრალოდ, უბის წიგნაკში თვის განმავლობაში აუცილებელი, ასი პროცენტით გასაწევი ხარჯები ჩამოწერეთ. იქვე კი მიაწერეთ რა შემოსავალი გაქვთ თვეში. შესაბამისად, ყოველი დანახარჯი აწარმოეთ გეგმით-ჯდება ეს ხარჯი აუცილებელსა და თვის განმავლობაში არსებულ შემოსავალს შორის თუ -ცდება. სასურველია ე.წ. საოჯახო ბიუჯეტის შექმნა, სადაც ოჯახის ყველა წვერი თავის წვლილს შეიტანს.
–იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ ხარჯები შემოსავალზე მეტი აქვს, რა უნდა მოიმოქმედოს?
-ამ დროს მომხმარებელმა პრიორიტეტები უნდა დაალაგოს სწორად: გადახედოს არსებულ ხარჯებს, სად უწევს ფულის მეტი წილის მიმართვა და სად შეუძლია ტანხის დაზოგვა.
–უფრო, რომ დავაკონკრეტოთ: მაგალითად, მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ კომუნალურ გადასახადში მისდის თანხის საკმაოდ მსხვილი ნაწილი. გამოიკვლიოს მიზეზი და სცადოს მისი შემცირება?
-სხვათაშორის, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებაა კომუნალური გადასახადების მიმართ, რომ დაზოგვა არ აწარმოონ. ევროპაში, ყოველთვიურად, მაქსიმალურად აკონტროლებენ ამ კომუნალური გადასახადების ხარჯებს. უწევენ მონიტორინგს და შესაბამისად ამცირებენ ან ზრდიან. თუ კომუნალურ ხარჯებს შეძლებისდაგვარად შევამცირებთ, ამ ხერხით შესაძლებელია ყოველთვიურად 30-40 ლარის ფარგლებში მოხდეს თანხის დაზოგვა.
– კიდევ რა მხრივ შეიძლება თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის დაზოგვა?
მაგალითად, თუ ჩვენი ხარჯი მოიცავს დამატებით, არამნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენას (გაზიანი სასმელი, სწრაფი კვების ობიექტში დახარჯული თანხა, ე.წ. სასუსნავი-ტკბილეული, რომელიც ჯანმრთელობისთვის ისედაც უარყოფით გავლენას ახდენს და ა.შ.) ამ ხარჯების შემცირებით შესაძლებელია დამატებითი თანხის გათავისუფლება. დათვალეთ რა თანხა იხარჯება გართობაზე, საჩუქრებზე (საკუთარი თავის თუ სხვების მიმართ). წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად მაღაზიაში შეიძლება 20-30 ლარის შენაძენს აკეთებდეთ, მაგრამ თუ ხარჯებს ჩამოწერთ და არამნიშვნელოვან შესყიდვებს გამოაკლებთ, აღმოაჩენთ, რომ რეალურად ამ თანხის ნახევარი გჭირდებათ ყოველდღიურად.
–ფასებზე მონიტორინგი რამდენად მნიშვნელოვანია? დროის დეფიციტის გამო ხშირად ვარჩევთ ახლოს მდებარე მაღაზიას მივმართოთ შენაძენისთვის.
-ამას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შეგვიძლია ხელფასის აღებას დავამთხვიოთ ძირითადი და მნიშვნელოვანი, პირველადი მოხმარების ნივთების თუ პროდუქტების შესყიდვა იმ ადგილიდან, სადაც პირველადი ფასით იყიდება (საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ბაზრობა და ა.შ). მოვიმარაგოთ ისინი და ამით თვის განმავლობაში თანხის მნიშვნელოვანი დანაზოგი გავაკეთოთ. ყველასთვის ცნობილია (თუმცა ალბათ საბოლოოდ მაინც არ ვიაზრებთ), რომ მაღაზიები შემდეგ უკვე მეორე ან მესამე გადამყიდველად წარმოგვიდგებიან, შესაბამისად, გაზრდილი და დამატებული ფასით. თვის ჭრილში ეს საკმაოდ მაღალ ხარჯს გვაჩვენებს.
–როგორ შეიძლება დანაზოგის გაკეთება? ხშირად საუბრობენ, რომ არათუ დანაზოგისთვის ჰყოფნით ფული, თვის ბოლოს მინუსში მიდიან.
-ეს არის უკვე კულტურა. ის რომ „შემოსავალი არ მყოფნის“-მცდარი არგუმენტია. დანაზოგისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა შემოსავალი გვაქვს, რადგან დანაზოგი არ გულისხმობს აუცილებლად მსხვილი თანხის გადადებას თვის განმავლობაში. მაგალითისთვის, ყოველდღიურად თუნდაც ერთი ლარის გადადება დანაზოგის სახით, თვეში 30 ლარს, ხოლო წელიწადში – 360 ლარს ნიშნავს. დანაზოგი გამოგვადგება გაუთვალისწინებელი თუ დაგეგმილი ხარჯებისთვის, რასაც ოჯახი ყოველთვიურად აწყდება (როგორიც არის დასვენება თუ სწავლა და ა.შ.). ამგვარ ხარჯებს თავს ვერ ვარიდებთ, ამიტომ ჯობს თანხა დავზოგოთ, ვიდრე ამისთვის-სესხი ავიღოთ. როცა წლიურ ბიუჯეტსაც ადგენ, უფრო ზუსტად ხვდები, რომ თანხის დაზოგვა აუცილებელია.
–რამდენად მნიშვნელოვანია ვაკონტროლით იგივე საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული პროცენტები? მაგალითად, მომხმარებელი შეიძლება არ აკვირდება, რომ ერთი კომერციული ბანკის ბარათით მეორე ბანკის ბანკომატიდან თანხის გამოტანა დამატებითი ხარჯი უჯდება.
-ესეც მნიშვნელოვანია. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვა ბანკის ბანკომატიდან თანხის გამოტანა დამატებით საკომისიოს გულისხმობს, რაც მინიმუმ 6 ლარს უტოლდება (ანუ სხვა ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ანგარიშიდან მინიმუმ 6 ლარი საკომისიოს სახით გეჭრებათ). ამიტომ მომხმარებელმა უნდა სცადოს იმ ბანკის ბანკომატი გამოიყენოს, რომლის ბარათიც აქვს, ან პარტნიორი ბანკები გაარკვიოს, რომელთაც ნაკლები საკომისიო აქვთ. შესაბამისად, ნებისმიერი სერვისის საპროცენტო თუ საკომისიო განაკვეთზე ინფორმაცია უნდა მიიღოს და ხარჯები ისე გასწიოს.
–შემოსავლის მიხედვით, თვის განმავლობაში, რა თანხა შეიძლება გავითვალისწინოთ სესხისთვის?
– თუ საბანკო სესხის აღებას გეგმავთ, რომელსაც გადახდის სისტემური ვალდებულება აქვს, გაითვალისწინეთ, რომ მიზანშეწონილია სესხის დასაფარად შემოსავლიდან მხოლოდ 25-დან 40 პროცენტამდე იყოს მიმართული. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია თვეში 500 ლარი, საბანკო სესხის დასაფარად უნდა გაითვალისწინოთ ამ თანხის მხოლოდ 25 ან ნაკლები პროცენტი ( ანუ თვეში 125 ლარი, ან ნაკლები). თუ თქვენი შემოსავალი თვეში 2000 ლარი ან მეტია, საბანკო სესხის დასაფარად შეგიძლიათ გამოყოთ თანხის 40 პროცენტი ან ნაკლები. (ანუ 800 ლარი, ან ნაკლები).
რაც შეეხება პირად სესხს, რომელიც გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო, შეიძლება ახლობლისგან უპროცენტოდ ვისესხოთ, ასევე უნდა იყოს დაანგარიშებული რამდენად შეგვიძლია თვის ბოლოს არსებული შემოსავლიდან მისი დაბრუნება.
–შეჯამებისთვის, აუცილებელია დღის განმავლობაში ნებისმიერი ხარჯი აღვწეროთ? (გზაში გადახდილი ფული, ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, ნებისმიერი წვრილი თუ მსხვილი ხარჯი).
-ამას აუცილებლად უნდა აკეთებს რიგითი მოქალაქე, იმის გათვალისწინებით, რომ ვისაც ფინანსური განათლება აქვს ან მსგავს სფეროში მუშაობს, ისინიც კი უზრუნველყოფენ დღის განმავლობაში არსებული ხარჯების აღწერასა და მონიტორინგს, რომ საბოლოოდ საკუთარი ხარჯები შეისწავლონ. ხარჯების აღწერის შემდეგ უნდა გავარკვიოთ სად გვაქვს ზედმეტი, არასაჭირო ხარჯი და ამოვიღოთ.
–დასკვნის სახით, მკითხველთა ნაწილმა შეიძლება აღნიშნოს, რომ ეს ხერხები ისედაც იციან, მაგრამ მაინც არ ჰყოფნით შემოსავალი. შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ნებისყოფის დეფიციტზე, რომ მათ არ შეუძლიათ უარი თქვან არასაჭირო ხარჯებზე, როგორიც არის: თამბაქო, ტკბილეული, სწრაფი კვების ობიექტები, ტრანსპორტში ეკონომიის გარეშე დახარჯული თანხა, მორიგი, არასაჭირო შენაძენი და ა.შ.?
-ნამდვილად, რეალურად არის ხარჯები, რომელთა შემცირებაც შეიძლება: თუ ავტომობილი ბევრ საწვამს წვამს, ის გადავცვალოთ საწვავის ნაკლებად მომხმარებელ მანქანაზე; თუ თამბაქოს დღეში ორ კოლოფს ვყიდულობთ, ერთი ვიყიდოთ და ფულთან ერთად ჯანმრთელობაც დავზოგოთ დ ა.შ. მაგალითად, მწვეელი თუ დაანებებს სიგარეტს თავს, დღეში საშუალოდ 5 ლარს დაზოგავს, რომელიც თვეში 150 ლარის დანაზოგს გულისხმობს, წელიწადში კი 1800 ლარის ეკონომიას გვაძლევს. ეს თანხა შეიძლებოდა თუნდაც სწავლისთვის გამოგვეყენებინა.
აუცილებლად უნდა შევამციროთ არასაჭირო ხარჯები, ხოლო თუ მაინც არ გვყოფნის თანხა, უზრუნველვყოთ ალტერნატიული, დამატებითი შემოსავლი.
მანა ნოდია