ამ საქმის სკანდალურად გახმაურება რაღაცისთვის დასჭირდათ თითქმის ერთი წლის შემდეგ. რაც შეეხება 700 მილიონ დოლარს, ესეც მოგონილი რიცხვია. აბსურდია. ამდენი ვალუტის ყიდვა-გაყიდვას საქართველოში არსებული 17 ბანკიდან მხოლოდ “საქართველოს ბანკი”, “თბს ბანკი” და კიდევ ორიოდე თუ შესძლებს, – ამის შესახებ პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომელიც $624 მილიონის გათეთრების საქმეს ეხმიანება.
როგორც რომან გოცირიძე ამბობს, თუ რაში დასჭირდათ ამ აურზაურის ატეხვა, მომავალში გამოჩნდება.
“700 მილიონი დოლარის ოდენობის რუსული ფულის გათეთრების საქმეში ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ეს ამბავი მალე ჩაიფარცხება. შედეგი იქნება ის, რომ ვალუტის გადამცვლელი ამ პუნქტის კლიენტებს, რომლის ფულსაც აკონვერტირებდა და შემდეგ მისი ნაწილის საქართველოში ინვესტირებას ახდენდა, გაწეწავენ.
ზოგს ქონებას გადააფორმებინებენ, ზოგს ფულს მიატანინებენ. ბიუჯეტში 700 მილიონი კი არა 7 მილიონიც არ შევაა. ეს რიცხვი სასაცილოდ მცირე აღმოჩნდებს. რუბლების კონვერტაციით მიღებული დოლარების იმ ნაწილს, რომელიც გავიდოდა რუსეთში( აზერბაიჯანი აქ ტრანზიტად იყო გამოყენებული), ვერასდროს მიაგნებენ. ფულის გათეთრებაზე საქმე ერთი წლის წინ ყოფილა აღძრული. დღემდე ვალუტის გადამვლელი პუნქტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა და ამ პუნქტის მეპატრონე გამოძიებასთანაც თანამშრომლობდა ანუ უკვე დასახელებული ჰყავს თავისი კლიენტები და ფულის შემოტანის სქემაც აღწერილი. ეს სასამართლოზე ითქვა. როგორც ჩანს, მოატყუეს, ათანამშრომლეს და დააპატიმრეს. ამ საქმის სკანდალურად გახმაურება რაღაცისთვის დასჭირდათ თითქმის ერთი წლის შემდეგ. რაც შეეხება 700 მილიონ დილარს, ესეც მოგონილი რიცხვია.
საქართველოში მოქმედი 720 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი წელიწადში აკონვერტირებს დაახლოდბით 4-5 მილიარდ დოლარს(2,5 მილიარდ დოლარს 2021 წლის ოფიციალური მონაცემებით) ანუ ერთი ასეთი ჯიხურის ბრუნვა წელიწადში საშუალოდ გამოდის 20 მილიონ დოლარამდე. თურმე ეს ერთი, ფულის გამთეთრებელი პუნქტი კი წელიწადში 350 მილიონ დოლარს აკონვერტირებდა.
აბსურდია. ამდენი ვალუტის ყიდვა-გაყიდვას საქართველოში არსებული 17 ბანკიდან მხოლოდ “საქართველოს ბანკი”, “თბს ბანკი” და კიდევ ორიოდე თუ შესძლებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის ყველა კომერციული ბანკის მთლიანად შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობა( ეროვნული ბანკიდან, კომერციული ბანკებიდან, მიკროსაფინანსოებიდან, ჯიხურებიდან, ფიზიკური და იურიდიული პრებიდან) 2024 წელს შეადგენდა 55 მილიარდ დოლარს. აქედან დაახლორბით 70 პროცენტი ანუ 38 მილიარდი მოდის ორ ბანკზე, “საქართველოს ბანკზე” და “თბს ბანკზე”. დანარჩენ 15 ბანკზე გამოდის 17 მილიარდი დოლარი ანუ 1,2 მილიარდი დოლარი საშუალოდ ერთ ბანკზე წელიწადში.
თურმე ერთი პატარა ჯიხური თითქმის კომერციული ბანკის ტოლფასს საქმეს ატრიალებდა. არასერიოზულია ეს. იმ 720 სავალუტო პუნქტიდან კიდე რამდენიმე რომ აღმოჩნდეს მსგავსი საქმიანიბით დაკავებული? არა და მათი უმეტესობს მართლაც ეწევა რუსული რუბლების დიდი ოდენობით კონვერტაციას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ წარმოქმნილი მიგრაციული ნაკადების გამო. ზემოთ მოყვანილი რიცხვები კარგად აჩვენებენ ქვეყნის სავალუტო ბაზრის ზომას და გამოძიების მიერ დასახელებული ვალუტის გადამცვლელი ამ ერთი პუნქტის მიერ წარმოებული კონვერტაციების მოცულობის აბსურდულობას.
თუ რაში დასჭირდათ ამ აურზაურის ატეხვა, მომავალში გამოჩნდება. ახლა არა ფინანსურად, არამედ “ფიზიკურად” შევხედოთ მოვლენას. ერთი მილიონი დოლარი 100 დოლარიანი კუპიურით არის ერთი “დიპლომატი” ხელის ჩემოდანი, რომლის წონა 10 კილოგრამია. 5 ათასი რუბლის კუპიურით ერთი მილიონი დოლარის ეკვივალენტი არის 2 დიპლომატი. 700 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული რუბლი არის 1400 ჩემოდანი. ეს არის 14 ტონა. ტონობით ფული შემოზიდეს და თუ ვერავინ აღმოაჩინა, ეს ან არაპროფესიონალიზმის ან კორუფციული მფარველობის მაჩვენებელია.
ეს ჯიხური თურმე დღეში ორ ჩემოდან ფულს ათეთრებდა… დაუჯერებელია. სასამართლოზე გამოჩნდება, რომ დიდი ალბათობით ეს ასე არ არის. რაც არის, ისიც მსუყე ლუკმა აღმოჩნდება ვიღაცებისთვის. ამით დამთავრდება ეს ისტორია. ბიუჯეტში კაპიკები შევა. ერთი ანდაზისა არ იყოს, გამოვა, რომ მთამ შობა თაგვი.” – წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გუშინ, 16 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022-2024 წლებში უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყებას დაკავებულის არც ვინაობა დაუსახელებია და არც მისი ინიციალები გაუვრცელებია.

