პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია ვიდეომასალის გავრცელებასა და წარდგენილ ბრალს აღიარებს. -ამის შესახებ გელა ღურწკაიას ადვოკატმა მილერი წოწორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გელა ღურწკაიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს გამოართვა და გადაწყვიტა მიეტანა ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის, სანაცვლოდ კი გელა ღურწკაია მიიღებდა 1 000 ლარს. თუმცა აღნიშნული გარიგება არ მოხდა, რადგანაც ადვოკატის ინფორმაციით, ელისო კილაძემ არ ისურვა აღნიშნული მასალის მიღება.
გელა ღურწაკაიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა მას საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილი არასდროს უხსენებია.
ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე კი დღეს სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გირაოთი მოითხოვს. ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ პროკურატურას მისი კლიენტის ბრალეულობის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე გელა ღურწკაიასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.