აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით აღსანიშნავ ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო, ეგრეთ წოდებული კანონის, – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – ძალაში შესვლა, რომელმაც შეზღუდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება. ანგარიშში წერია, რომ ამავდროულად, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიღებული კანონი, გამოხატვის გარკვეული ფორმების კრიმინალიზაციას ახდენს.
სახელმწიფო დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის ასევე აღნიშნავს დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანიას, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს შორის იყო სანდო ცნობები შემდეგი შემთხვევების შესახებ: წამება ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი; თვითნებური დაპატიმრება და დაკავება; და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობის მუქარა, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებები და სისხლისსამართლებრივი დევნა, და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების მსუსხავი ეფექტი.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომ გამოეძიებინა და დაესაჯა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენი ზოგიერთი თანამდებობის პირი, თუმცა, დაუსჯელობა პრობლემად რჩება.
ანგარიშშივე ეხებიან 2023 წლის დეკემბერში, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს.
“2023 წლის დეკემბერში, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, დე ფაქტო პოლიციამ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებისას სასტიკად სცემა 43 წლის საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. თებერვალში, ოკუპირებული აფხაზეთის „პროკურატურამ“ დააპატიმრა და ბრალი წაუყენა სამ უსაფრთხოების თანამშრომელს მკვლელობისთვის, რომლებიც მოგვიანებით, უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა ბრალი „გულგრილობისთვის“ წარედგინათ. ისინი გაათავისუფლეს და დაეკისრათ 50,000 რუსული რუბლის (564 აშშ დოლარი) ჯარიმის გადახდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წელს კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, მედიისთვის. თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით. ეს შეშფოთება ეხებოდა მედიაპლურალიზმისთვის გარემოსა და კანონმდებლობის გაუარესებას, ასევე ჟურნალისტებზე ძალადობასა და ძალადობრივი სახის მუქარას. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა (FIL) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (CSO) და მედიას, რომლებიც დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, „უცხოური გავლენის ობიექტებად“ დარეგისტრირება დაავალა. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მთავრობის მიერ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალის საქმეები კვლავ გამოუძიებელი იყო.
ანგარიშში ხაზგასმულია წლის განმავლობაში, მოქალაქეებზე, ჟურნალისტებსა და სხვა პირებზე ფიზიკური თავდასხმების, დაშინების, ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შემთხვევები. აპრილიდან ივნისამდე, თბილისში FIL-ის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და 28 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების გაშუქებისას, რამდენიმე ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მათ თავს დაესხნენ პოლიციელები, შეავიწროეს, წიწაკის სპრეი მიასხურეს ან მათი აღჭურვილობა დააზიანეს.
“7 დეკემბერს 30-ზე მეტმა „ტიტუშკამ“ (ამოუცნობი თავდამსხმელები, როგორც წესი, შავებში გამოწყობილები და სახეშემოსილი), ფიზიკურად გაუსწორდა მომიტინგეებს, შემდეგ კი თავს დაესხა TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ იღებდნენ. ცემის შემდეგ გიორგი შეწირულს მათ ყველა ნივთი წაართვეს.
ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგარი საპატრულო პოლიცია არ რეაგირებდა და არ ჩარეულა თავდასხმის შესაჩერებლად. „Civil.ge“-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე იყო გადაღებული, ჩანს პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის კოორდინაციის ნიშნები. სოციალურ ქსელებში ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიცია არ ერეოდა, როდესაც სავარაუდო „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებს, და ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ჩანს, პოლიცია თანამშრომლობდა „ტიტუშკებთან“ – წერია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტები და აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მათ ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, ასევე აზიანებდნენ მათ სახლებსა და ოფისებს, მათ შორის აკრავდნენ შეურაცხმყოფელ პლაკატებს და აზიანებდნენ მანქანებს. მთავრობამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეების ტელეფონის ნომრებზე უნებართვო წვდომის ფაქტების გამოძიება დაიწყო. მედიის ომბუდსმენმა დაადგინა უფლებების დარღვევისა და შეზღუდვის 15 შემთხვევა, რომლებშიც 15 ჟურნალისტი მონაწილეობდა, ისინი პარლამენტის წინ აპრილსა და მაისში გამართულ FIL-ის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდნენ. რამდენიმე საერთაშორისო მედიის სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, მედიის ომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად, განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის აღჭურვილობის დაზიანება, ვერბალური ან ფიზიკური თავდასხმები და დაშინება. მთავრობას წლის ბოლოსთვის ამ ცნობების გამოძიება არ დაუწყია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, ხელისუფლებამ ან ამოუცნობმა თავდამსხმელებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად გაუსწორდნენ ათობით მედიაპროფესიონალს, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. დაფიქსირდა სერიოზული დაზიანებები, მათ შორის ხერხემლის მოტეხილობები, სახის ძვლების მოტეხილობები და ქიმიური დამწვრობა; რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მედიაპროფესიონალების ცნობით, ხელისუფლებამ ან ამოუცნობმა თავდამსხმელებმა გაანადგურეს მათი აღჭურვილობა, რათა რეპორტაჟის გადაღებაში ხელი შეეშალათ.
სახდეპი წერს, რომ ხელისუფლება ცდილობდა კანდიდატებისა და ამომრჩევლების გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს იძულებისა და დაშინების გზით. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშში ეუთომ განაცხადა, რომ „ამომრჩევლების დაშინების, იძულების, წაქეზებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებმა გამოიწვია წუხული, რომ ზოგიერთმა ამომრჩვეელმა შესაძლოა ხმა ვერ მისცა შურისძიების შიშის გარეშე”.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აპრილში, აკრედიტებულ ონლაინ მედიის ჟურნალისტებს აუკრძალეს საპარლამენტო სესიაზე დასწრება, სადაც FIL-ს განიხილავდნენ. ეს შეზღუდვა პარლამენტის უსაფრთხოების შიდა ზომებით იყო განპირობებული, რაც მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტებს აძლევდა შესვლის უფლებას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გააკრიტიკა ეს ნაბიჯი და მოუწოდა პარლამენტს, შეეწყვიტა დისკრიმინაციული პრაქტიკა და ყველა ჟურნალისტისთვის მიეცა სხდომების გაშუქების შესაძლებლობა. ქარტიის განცხადებით, ასეთი შეზღუდვები აუარესებდა ონლაინ მედია ჟურნალისტებისთვის პირობებს, რაც საზოგადოებას უზღუდავდა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინფორმაციაზე წვდომას. FIL-ის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტმა, დეპუტატების საჩივრების საფუძველზე, სხვადასხვა კრიტიკული და ოპოზიციური ტელეარხის – „მთავარი“, „ფორმულა“ და „TV პირველი“ – ჟურნალისტების აკრედიტაცია ერთიდან ექვს თვემდე ვადით შეუჩერა.

