ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი მაგნიტსკის აქტით უნდა იყოს დასანქცირებული” – თემთა პალატაში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა მიმდინარეობს

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა მიმდინარეობს. ბრიტანელი დეპუტატები ხელისუფლებისგან მკაფიო განმარტებებს ითხოვენ, რატომ არ მოიყვანა მოქმედებაში კირ სტარმერის მთავრობამ მასშტაბური სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც, მათი შეფასებით, ქართულ დემოკრატიას ანგრევენ.

მოსმენაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა პირდაპირ მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს და დასვა კითხვა, რა მიზეზით იგვიანებს სანქციების ამოქმედება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში, მისი თქმით, ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთ ხელში და დემოკრატიული ინსტიტუტები სისტემურად ზიანდება.

თემთა პალატაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სანქციების პოლიტიკის გამკაცრებაზე იმ ხელისუფლებების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს მიტაცებაში არიან მხილებულნი. დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრს შეახსენეს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალადობასა და რეპრესიებში ბრალდებულია ივანიშვილი და მისი ხელისუფლება – “ქართული ოცნება”.

მოსმენაზე გაჟღერდა გზავნილიც, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაგვიანებული რეაგირება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის დეკლარირებულ პოლიტიკას. დეპუტატები მთავრობისგან ელოდებიან განმარტებებს, როდის და რა ფორმით შეიძლება ამოქმედდეს პერსონალური სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესში მთავარ როლს ასრულებს.

ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის გამო ეფექტური სანქციების რეჟიმის დაწესება რეალურად აჩვენებს ვინ ვართ ჩვენ როგორც ერი სინამდვილეში. ერი, რომელიც დგას კანონის უზენაესობის მხარეს, ერი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს. დავიწყოთ საუბარი საქართველოთი, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ევროპას უნდა უახლოვდებოდეს და არა უკან იხევდეს ავტორიტარიზმში მოსკოვის სასარგებლოდ. მთავრობის ყველა შტო და სახელმწიფო უწყებები მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და პარტია ქართულ ოცნებას. სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვიან, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანში ჰყავთ ამოღებული უცხოური გავლენის აგენტების კანონით, რომელიც კრემლის სახელმძღვანელოდან მოდის. მშვიდობიანი დემონსტრანტები კი ყოველთვის ეჩეხებიან ძალადობას. დიდ ბრიტანეთს დაწესებული აქვს სანქციები ზოგიერთი პირისთვის, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტებსა და პროტესტის მონაწილეებზე ძალადობაში, რაც მისასალმებელია, თუმცა მინისტრმა იცის, რომ ჩემი აზრით ეს საკმარისი არაა. დიდმა ბრიტანეთმა შეცდომა დაუშვა, როცა მათ არ დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი. ის დასანქცირებული უნდა იყოს მაგნიტსკის აქტით, გლობალური ანტიკორუფციული რეჟიმით. ივანიშვილის ამ დრომდე სანქციების მიღმა ყოფნა ცუდ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატებსაც მსოფლიოში, – თქვა სხდომაზე ფილ ბრიკელმა.

მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა სტივენ დაუთიც, რომელმაც ყურადღება სანქციების მნიშნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, სანქციები დიდი ბრიტანეთის ხელში ეფექტური იარაღია.  

სანქციები ნამდვილად არის ყველაზე ძლიერი იარაღი რაც ჩვენ გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ზოგადად კანონის უზენაესობა. 2025 წელს ჩვენ დავასანქცირეთ 29 ინდივიდუალური პირი ადამიანის უფლებათა გლობალური აქტის ქვეშ, შრი ლანკაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ ასევე დავასანქცირეთ კორუმპირებული ოფიციალური პირები და მოსამართლეები საქართველოში, გვატემალასა და პრორუსული ჯგუფები მოლდოვაში. ადამიანები ვინც ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ასე რომ ნამდვილად, სანქციები დიდი ბიტანეთის ხელში ეფექტური იარაღია და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, – განაცხადა დაუთმა.  

იტვირთბა....