პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ვ.ე. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

